LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველგან სიმღერა „ქალს“ ისმოდა და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა… სრულიად უცხო ადამიანები მადლობას მიხდიან, რომ მათი სათქმელი ვთქვი“ – ქეთი მერკვილაძე

514
280838786_107746438607822_3118414391348161171_n

14 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი მომღერალი ქეთი მერკვილაძე გახლდათ, რომელმაც სამომავლო გეგმებზე და ახალ ნამუშევრებზე ისაუბრა.

 ქეთი, როგორ ხარ, როგორი განწყობა გაქვს?

ძალიან კარგად. დღეს არაჩვეულებრივი დილაა, მზიანი, თბილი, მშვენიერი. ძალიან მიყვარს მზე და გაზაფხული, შესაბამისად, არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ.

როგორ იწყება შენი დილა, როგორია დილის რუტინა?

დილით აუცილებლად უნდა მივირთვა ყავა, გაღვიძება მიხარია ხოლმე, რადგან ვიცი, რომ ყავა უნდა გავიკეთო. თუ არსად მეჩქარება და ძალიან გადატვირთული გრაფიკი არ მაქვს, ძალიან მიყვარს ნელი დილა, ნელა რომ იღვიძებ, ნელა მიირთმევ ყავას და ა.შ. სამუშაო დღეებში ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, დილით ბავშვი მიმყავს სკოლაში და შემდეგ მივყვები დღის გეგმას და საქმეების ჩამონათვალს, რომელსაც აუცილებლად ვამზადებ წინა დღეს. ბოლო წლებია ძალიან შემიყვარდა დილა, ადრე უფრო გვიან გაღვიძება მიყვარდა. ახლა ძალიან მიყვარს დილის სუსხი და დილის ცივი ჰაერი, ზამთარშიც კი. როცა დილით ვიღვიძებთ, უფრო მეტ საქმესაც ვასწრებთ.

ძალიან დიდი პოპულარობა მოგიტანა სიმღერამ „ქალს“. როგორი იყო შენი ცხოვრება იმ პერიოდში?

სწრაფად და მარტივად არ მომხდარა ეს ყველაფერი. მე მანამდეც მქონდა ჩაწერილი ერთი ალბომი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული იყო. შემდეგ ჩავაბარე ინსტიტუტში და მქონდა პაუზა. ჩემი პროდიუსერი მამა იყო, ის ყოველთვის ახალი სიმღერის ძიებაში იყო და ბოლოს არჩევანი სიმღერაზე „ქალს“ შეაჩერა. სიმღერა მაია კვატაშიძეს ეკუთვნის, ჩაიწერა სტუდიაში „მელოდია“. სიმღერის სიტყვებმა, მელოდიამ, არანჟირებამ, სტილისტიკამ, ყველაფერმა ერთად მოგვცა ასეთი კარგი ეფექტი. ქალაქში ყველა მანქანიდან ეს სიმღერა გვესმოდა და რა თქმა უნდა, ისმოდა ტელევიზიაშიც. შემდეგ ზღვაზე ვიყავით დასასვენებლად, იქაც ყველგან სიმღერა „ქალს“ ისმოდა და მივხვდით, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა.

არ არის მარტივი გაუძლო ამხელა პოპულარობას. როგორ „იგერიებდი“ ფანებს?

მახსოვს, ვაკის პარკში იყო დიდი კონცერტი, რამდენიმე მარკერი მქონდა თან იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფი მიმეცა და იმ დღეს რამდენიმე მარკერი დავცალე. ძალიან ბევრი წერილი, ყვავილები, საჩუქრები მომდიოდა, ლექსებით და სიყვარულის ახსნებით, მაგრამ მამა მიცავდა, სულ ჩემს გვერდით იყო და ვერავინ მოდიოდა ახლოს. (იცინის)

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდი მსმენელს, მუშაობ ახალ სიმღერებზე და ასევე განაახლე სიმღერა „ქალს“. საიდან წამოვიდა სიმღერის განახლების იდეა?

ამ სიმღერის განახლების იდეა ჩემგან წამოვიდა, მინდოდა, ახალი ვერსია შემეთავაზებინა მსმენელისთვის. ახალი ვერსია უფრო რიტმული, ტემპიანია და მგონი, საკმაოდ კარგი გამოვიდა. ვფიქრობ, მოეწონება მსმენელს, ვინც უკვე მოისმინა, ყველას ძალიან მოეწონა. ეს სიმღერა დღემდე აქტუალურია და ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით ქალბატონებს. ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები მადლობას მიხდიან, რომ მათი სათქმელი ვთქვი. მგონი, ყველას გავლილი აქვს ეს ემოციები და განცდები, ამიტომ ახლოს არის ქალბატონებთან და სწორედ ამ მშვენიერ ქალბატონებს მინდა მივუძღვნა ეს სიმღერა.

ახალ სიმღერებზეც მოგვიყევი…

ერთი სიმღერა უკვე მზად არის, რამდენიმე სიმღერას ვამზადებ. კიდევ ორი სიმღერა მაქვს, რომელიც მინდა, რომ რამდენიმე თვეში დავასრულო. უცნობი ადამიანებისგან, ჩემი მსმენელებისგან, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, ძალიან დიდ საყვედურს ვიღებ ხოლმე, სულ მეუბნებიან, რომ რამე ახალი სიმღერა გავაკეთო. 2-3 სიმღერა ჩემი პირველი ალბომიდან იქნება, იქნება სრულიად ახალი სიმღერებიც. იმედი მაქვს, მსმენელს გავახარებ.

 

ქეთი მერკვილაძე – ქალს, მშვენიერ ქალს (Remix)

 

გადაცემის ჩანაწერი:

ქეთი მერკვილაძე ცნობილი სიმღერის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე საჯაროდ პირველად საუბრობს: „მომიტანა როგორც დიდი პოპულარობა, ამავდროულად დიდი გულისტკივილიც..

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები