LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის კურორტები და სათავგადასავლო ტურიზმი – ევროპის წამყვანი მედიასაშუალებების ტური საქართველოში

119
მთა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების: Le Figaro, The Telegraph, GQ, Die Presse, Snow, Backcountry Magazine, Downdays წარმომადგენლებს მასპინძლობს.

პრესტურის ფარგლებში საქართველოს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან წამყვანი ჟურნალისტები ეწვივნენ. მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია მოინახულეს. ჟურნალისტებმა მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური გააშუქეს.

ევროპული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, სათავგადასავლო ტურიზმის, ზამთრის კურორტებისა და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

„საქართველოში პირველად ვარ. გაოცებული ვარ იმ ხედებით, რომლებიც ჩვენ თვალწინ იშლება. ხალხი ძალიან მეგობრულია, საუკეთესო ხარისხის თოვლია, სწრაფი საბაგიროა, სვანეთში საოცარი გამოცდილება მივიღე. მე ვამზადებს სტატიას, რომლის სათაურიც იქნება „ადვილი თავგადასავალი“ რადგან აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია, პატარა მაღაზიებშიც კი. როდესაც რაიმე დაგჭირდება, ყველა მზადაა დაგეხმაროს. საქართველო არის მომავალი“,-აცხადებს Le Figaro-ს ჟურნალისტი მეთიუ როსი.

„მოგვეცა შესაძლებლობა ფრირაიდერების ჯგუფს გავყოლოდით და ძალიან მაგარი შთაბეჭდილებები მივიღეთ. სვანეთში მეგობრული ხალხია, სამთო კურორტი ვითარდება, ნამდვილად საოცარი სათხილამურო პირობებია და ვფიქრობ, ეს არის ტურისტული მიმართულება, რომელიც ძალიან პოპულარული გახდება“, – ამბობს Die Presse-ის წარმომადგენელი ჯოზეფ იბნერი.