ზამთრის კურორტები დაგეგმილზე ადრე გაიხსნება. ეს შესაძლებლობა საქართველოში მოსულმა დიდი ოდენობით თოვლმა გააჩინა. როგორც ”ფორტუნას” მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, კურორტების ნაწილი 10 დეკემბერს, ნაწილი კი -24-25 დეკემბერს გაიხსნება.
”ამ დროისათვის კურორტებზე ტრასების მომზადება მიმდინარეობს. საბაგიროები კი უკვე მზადყოფნაშია. 10 დეკემბერს სეზონს გუდაურში, გოდერძიზე, დიდველსა და ჰაწვალზე გავხსნით. 24 დეკემბრიდან შეეძლებათ დამსვენებლებს თეთნულდზე სტუმრობა , 25 დეკემბერს კი საკურორტო სეზონი მიტარბიში გაიხსნება”, – აღნიშნეს მთის კურორტების კომპანიაში.
მათივე ცნობით, მიტარბიში 3 ახალი საბაგირო დამონტაჟდა. 30-წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი ვიზიტორებს კვლავ მიიღებს. ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე ასვლას დამსვენებელი ახალი საბაგიროთი შეძლებს. ამასთან, 2016 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე პირველად ერთდროულად 9 ახალი საბაგირო აშენდა.
ცნობისთვის, წელს შეიცვლა აბონემენტის ღირებულებაც. მულტიქარდი სეზონური და სტუდენტური, რომელიც მოიცავდა ოთხივე კურორტს ზამთრის სეზონზე, დღეისათვის მათი გამოყენება უკვე ზაფხულის სეზონზეც იქნება შესაძლებელი. ფასიც შესაბამისად შეიცვალა და გაიაფდა: ზრდასრულებისთვის – სეზონური მულტიქარდი 500 ლარი, ბავშვის სეზონური და სტუდენტის სეზონური – 280 ლარი.
ფასების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფოტოზე: