„შევარცხვინე, ვინც ხართ „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ იმიტომ, რომ ის ბელადი ვერ გაათავისუფლაო და „ხაბე“ დანიშნეთ. ხაბეს რას ვერჩი, ჩემი მეგობარია, ახლა „ხაბე“ არ მოგწონთ და ვაშაძე მოიყვანეთ და ვაშაძე დაისვით თავზე“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
ზარქუა ყოფილი გენპროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საკითხსაც გამოეხმაურა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართა:
„მინდა შევეხო ფარცხალაძის თემას, სად არის „ჭიჭე“ ვაშაძე? შენ რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყავი, ეს ადამიანი თქვენი ხელისუფლების დროს თანამდებობაზე იყო და მაშინ არ იყო ხომ, ქურდი, ავაზაკი და მაფიოზი?ახლა გახდა ხომ? აი, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი და ამიტომაც არის, რომ ქართველ ხალხს მერამდენედ არ სჯერა თქვენი..
რაც შეეხება კალაშნიკოვის შესახებ ბრალდებას, არც ვიცი, ვინ არის. რუსეთის დუმის წარმომადგენელი [თქვენ თქვით] ამაშია საქმე, რომ დღემდე რუსებთან თანამშრომლობთ, დღემდე რუსებისგან მოგაქვთ ინფორმაციები. რაც გააკეთეთ რუსების ინტერესში იყო 2008 წელს.
ომი ჯერ ქართველ ბიჭებს დააბრალეთ, შემდეგ ტერიტორიები გადაულოცეთ. ახლა სამადაშვილს ეჩქარება, შეხვედრაზე გავრბივარო. ის ჩვენი ელჩი იყო ევროკავშირში, ერთმა სახელმწიფომ არ დაუწესა სანქცია რუსეთს. აი, ეს ქალბატონი ახლა მიზის, მეჩქარება და ურიგოდ გამატარეთო. გეგონება, ახლა მთას გადადგამს. აი, ასეთი ხელმოცარულები, დღემდე რუსეთის ინტერესში ხართ და მერე გინდათ, რომ ისრები ჩვენკენ გადმოისროლოთ.
ახლა მინდა შევეხო ამ ორ ხელმოცარულს [გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე]. [ვაშაძეს] ადგილიც წაურთმევია, დღეს „ხაბეს“ ადგილას იჯდა და კიდევ ის, გვერდზე რომ მსხვერპლი ჰყავს, მანჯგალაძე. ასე უბერავენ ჯიგრები ერთად, იმიტომ, რომ მოსკუპდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, მკვდარი მკვდარს აეკიდაო.
ვაშაძე პარლამენტში ხუთი კაცით შემოვიდა და ერთი შემორჩა, მანჯგალაძე. ის მსხვერპლია, იმასაც მალე გავათავისუფლებთ. აი, ეს კაცი, პოპულისტი მატყუარა, ყველაფერზე რომ წავა ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში და მერე ამით გინდათ ხელისუფლებაში მოხვიდეთ. შემდეგ გიკვირთ, ხალხი მხარს რატომ არ გვიჭერს და არჩევნებს რატომ ვაგებთო. ამიტომაც ემზადებით რევოლუციური სცენარისთვის.
ბელადი რომ არაჟნების კონტეინერებში ჩასვით და ასე შემოაპარეთ. ის, ალბათ იმისთვის უნდოდა, რომ რეგისტრაცია გაევლო და ლეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ამისთვის შემოაპარეთ? არა, ჩაგივარდათ მეორე რევოლუციური სცენარი. თქვენ პატრონებს იმედები ვერ გაუმართლეთ და ახლა მორიგი მცდელობა გაქვთ და ჩასაფრებული ხართ“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.