რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი სტუმრობდა, რომელმაც 60 წლის იუბილეს აღსანიშნად, 13 მაისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა და ახალი სიმღერა – „წამი და დედამიწა“ შესთავაზა მსმენელს.
ზაზა ხუციშვილი:
ბევრი ვიფიქრე, როგორ გადამეხადა იუბილე და მივხვდი, რომ რესტორანში პურ-მარილის გაშლას ისევ კონცერტის მოწყობა მერჩივნა, მით უფრო, რომ ყველა იმ ადამიანის დაპატიჟებას შევძლებ, ვისი ნახვა და გვერდზე ყოფნაც გამიხარდება. რა თქმა უნდა, მსმენელსაც სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ჩვენს საღამოზე. პრინციპებს არც ამ შემთხვევაში ვუღალატე, არ ჩავთვალე, რომ იუბილე განსაკუთრებული ზარ-ზეიმით უნდა აღმენიშნა, ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურები არ შევაწუხე და მხოლოდ კერძო სექტორის – კომპანია „ნიკორას“ დაფინანსებით შემოვიფარგლე, ისიც მხოლოდ იჯარის თანხის გადასახდელად.
ხუთი სტუდიური ალბომის გარდა, ერთი განსაკუთრებული ნაკრები გვაქვს : „ვაკის პარკი მეგობრებთან ერთად“. კონცერტზე სწორედ ამ ალბომიდან შესრულდება ცნობილი დუეტები. ცოტა ხნის წინ ჩვენი სიმღერების დღე იყო გადაცემა „აკუსტიკაში“, სადაც რომა რცხილაძემ შეასრულა სიმღერა „ძველი ფირფიტები“. ყველას ძალიან მოგეწონა, თუმცა რომა ნებისმიერ სიმღერას ბრწყინვალედ ასრულებს, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ჩვენს კონცერტშიც მიიღებს მონაწილეობას.
ერთი თვის წინ მერაბ სეფაშვილთან ერთად ჩავწერეთ გოგი ცაბაძის არაჩვეულებრივი სიმღერა „საქართველოს მანანებო“ და გავიხსენეთ, რომ სიმღერის „როცა მოგწყინდება” გამოსვლიდან მთელი 25 წელი გავიდა, ამიტომ მერაბიც მიიღებს მონაწილეობას საიუბილეო კონცერტში და სწორედ ამ კომპოზიციას შესრულებს, ლაშა თოფურია კი, „უღრუბლო ცას“ იმღერებს, რომელიც ერთ-ერთი ამერიკული ფილმის საუნდტრეკი გახდა. გარდა ამისა, მერაბ სანოძე და გელა გნოლიძე, „ვაკის პარკის“ ძველი შემადგენლობა და ჩემი ბენდის ახალი წევრები წარდგებიან პუბლიკის წინაშე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს საიუბილეო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. ვფიქრობ, საინტერესო საღამო გამოვა, რადგან თბილი, შინაურული კონცერტის გაკეთება მინდა და არა მასშტაბური შოუს დადგმა.
ძალიან მიყვარს „ჩემი სიმღერა“, რომლითაც კონცერტის გახსნას ვგეგმავ. ჩემპიონთა ლიგის მორიგ თამაშს ვუყურებდი, შესვენების დროს კი, „ფორდ-ფოკუსის“ ძალიან სასაცილო რეკლამა გავიდა ცხენ-ირემზე, რომელიც მოყინულ გზაზე ცდილობდა გადასვლას და ბეწვზე გადაურჩა ავტომობილის დაჯახებას, სიკვდილის მოლოდინში კი, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაუარა. ძალიან სახალისო რეკლამა იყო, თუმცა სწორედ მან დამაფიქრა საკუთარ ცხოვრებაზე. მართალია, სიმღერაში ჩემი განცდა, მოგონებები გადმოვეცი, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მაინც ვერ მოიპოვა. სხვათა შორის, ბევრი ავტორისგან მსმენია, რომ მათთვის ძვირფასი სიმღერები სხვებმა რატომღაც ნაკლებად მოიწონეს. მსმენელს „როცა მოგწყინდება“ შეუყვარდა, პოპულარობა მოიპოვეს კომპოზიციებმა – „ბრძოლა წესების გარეშე”, „იმეილი“ და „თოვლის დედოფალი“, რომლებიც დღესაც წარმატებით სარგებლობს. სხვათა შორის, კლუბებში როცა უცხოურ ქავერებს vმღერით, ქართული პუბლიკა ყოველთვის ჩვენი ნამუშევრების შესრულებას გვთხოვს, რაც ძალიან მახარებს, რადგან მართლაც დიდი დაფასებაა, როცა მსმენელს შენი სიმღერები ურჩევნია უცხოურ ჰიტებს.
მართალია, 60 წელი მისრულდება, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჯერ ყველაფერი წინ არის და კიდევ უამრავი თავგადასავალი მექნება. ყველა მუსიკოსი მზად უნდა იყოს იმ დღისთვის, როცა მიხვდება, რომ ისეთი პოპულარული აღარაა, როგორც ადრე და ისე ვერ ასრულებს ყველასთვის საყვარელ სიმღერებს, როგორც მანამდე ასრულებდა. მეც შეგუებული ვარ ამ აზრს და ზუსტად ვიცი, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება, თუმცა, ჯერ მხნედ ვარ და ენთუზიაზმიც ბევრი მაქვს, ამიტომ უამრავი იდეის განხორციელებას ვგეგმავ.
მართალია, პროფესიით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ვარ და გარკვეული პერიოდი პროფესიითაც ვიმუშავე, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი საქმე მუსიკაა, რადგან მუსიკაზე მეტად არაფერი მიყვარს. რა თქმა უნდა, ისეთ პატარა ქვეყანაში ისეთი მცირე მუსიკალური ბაზრით, როგორიც საქართველოა, მუსიკოსისთვის რთულია თავის გატანა, მაგრამ მე მაინც მუსიკა ვაქციე ჩემს პროფესიად და არასდროს მინანია. მეტიც, ყოველდღე კონცერტის მოლოდინით ვცხოვრობ, რადგან სწორედ მაშინ ვცხოვრობ, როცა კონცერტს ვაწყობ, ყველაფერი დანარჩენი კი, იმ დღისა და კონცერტის მოლოდინია.
სიმღერა „წამი და დედამიწა“ დღევანდელი რეალობის გავლენით შევქმენი, რადგან არ მესმის, როგორ შეიძლება აშენონ ადამიანებმა დემოკრატია, როცა ერთმანეთის აზრს პატივს არ სცემენ. ვფიქრობ, რაც უფრო ხშირად შევხედავთ საკუთარ თავს გვერდიდან, მით უკეთესები გავხდებით და რაც უფრო კარგი იქნება საზოგადოება, მით უკეთესი იქნება ქვეყანა.
დამწყებ მუსიკოსებს, პირველ რიგში, საკუთარი სტილის მოძიებას და თვითმყოფადობის შენარჩუნებას ვურჩევ. დღეს ბევრი ინგლისურად მღერის, დასავლური სტილის მუსიკას ქმნის და ვერ ხვდება, რომ ინდივიდუალურობას კარგავს. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ქართველი მუსიკოსები ქართულად იმღერებენ, მით უფრო, რომ ქართული სიმღერის რიტმი და მელოდია ყოველთვის იძლევა ორიგინალური კომპოზიციის შექმნის საშუალებას.