LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

73

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

რუსთაველის გამზირზე, პარტლამენტის წინ, ზაზა სარალიძე და 2 მისი თანმხლები პირი ცოტა ხნის წინ დააკავეს.

სარალიძის თანმხლები პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ზაზა სარალიძეს კვლავ არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას, რის გამოც შვილმოკლული მამა მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა.

უწყების ცნობით, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. შსს-ს განცხადებით, ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია, მისი შვილის, დავით სარალიძს მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა, ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც, არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g