მკურნალი ექიმი ჯაბა ტყემალაძე მშობლებს ურჩევს, ზედმეტი სისუფთავისკენ სწრაფვაში არ გადააჭარბონ, რადგან ბავშვობის პერიოდში სრული სტერილობა მომავალში სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებად შეიძლება გადაიქცეს.
„სისუფთავისკენ სწრაფვა ინფექციისგან გვიცავს, მაგრამ თუ ბავშვი იზრდება ზედმეტად სტერილურ გარემოში, მისი იმუნური სისტემა ვერ სწავლობს სწორად განასხვავოს მეგობარი მტერისგან,“ – განმარტავს ექიმი.
ტყემალაძის თქმით, მიკრობიუმი — ანუ მიკრობების ბუნებრივი ბალანსი ორგანიზმში — ყალიბდება ადრეულ ასაკში გარემოსთან კონტაქტით: ქუჩაში თამაშით, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობითა და ბუნებასთან შეხებით.
„მიკრობიუმი ყალიბდება ადრეულ ასაკში გარემოსთან კონტაქტის გზით. ქუჩაში თამაში, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა, თუნდაც დატალახიანება რამდენიმე წუთით, ეს არის საშუალება, რათა ბავშვმა ზრდასრულ ასაკში, როცა ჩამოყალიბებულია იმუნური სისტემა, მიიღოს გარემოსგან ის მიკრობები, რომლითაც მერე მთელი ცხოვრება მოუწევს ცხოვრება. თუ ბავშვს ამ „ბუნებრივი მიკრობული ვაქცინაციის“ არჩევანს ჩამოუჭრით, მისი იმუნური სისტემა ვერ ისწავლის სწორად განასხვავოს მეგობარი მტერისგან. ეს გაზრდის ალერგოზულ განწყობას, ასთმის განვითარების რისკს და დისბიოზის განვითარებას მომავალში“, – ამბობს ექიმი