უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის ფრანგული წარმოების ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, საფრანგეთს უკრაინის მიმართ ევროპული თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აჰყავს.
უკრაინის ლიდერი ასევე ამბობს, რომ აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას.
„ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანმანქანას, მათ შორის ფრანგული წარმოების ბორბლიან ტანკებს. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა ჩვენს პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ჯერ არ მიეწოდება დასავლური მოდელის ტანკები.
ახალ რამშტეინამდე ასეთი სიგნალი ძალიან აქტუალურია. აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს მიაწვდის.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასავლური წარმოების ტანკები მიეწოდება“, – აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.