უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას 20 მაისიდან შეუდგება. სწორედ ეს თარიღი განსაზღვრა ქვეყნის ეროვნულმა რადამ პრეზიდენტის საინაუგურაციოდ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინაუგურაცია 20 მაისს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგება. მანამდე კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ინაუგურაციის 19 მაისს გამართვას.
10 მაისს ვლადიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა მოთხოვნით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მაისს გამართულიყო. ამ მოთხოვნამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ქვეყანაში 19 მაისს პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლის ხსოვნის დღე აღინიშნება.