პრეზიდენტი ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ ჩინეთის წინადადება უკრაინაში ომის გადაწყვეტის შესახებ სამშვიდობო გეგმაა, თუმცა აღნიშნავს, რომ უკვე კარგია, რომ ჩინეთი უკრაინაზე საუბრობს.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ომის დაწყების წლისთავს მიეძღვნა.
„ეს იყო არა „სამშვიდობო გეგმა“, არა რეზოლუცია, დეკლარაცია ან რამის ინფრასტრუქტურა, ვფიქრობ, ჩინეთმა თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. როგორც უკვე ვთქვი, კარგია, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი. საკითხავი ისაა, რა არის ამ სიტყვებს მიღმა? ომის დროს უნდა გვესმოდეს, რომ სიტყვები – სიტყვებად, თუმცა საქმე გადადგმულ ნაბიჯებს ეხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რასთან მიგვიყვანს ისინი და როგორი იქნება ჩვენთვის შედეგი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა; ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა; საომარი მოქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება; მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა; საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება; პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.