სოციალურ ქსელებში ვრცელდება საბავშვო ზღაპრიდან ამონარიდი, რომლის მიხედვითაც, ცოლის გარდაცვალების შემდეგ მამამ შვილის ცოლად შერთვა გადაწყვიტა.
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც ცოლი ადრე გარდაეცვალა და ამ ამბავს იმდენად განიცდიდა, ჭკუიდან შეცდა. სხვა ცოლის მოყვანაზე არც უფიქრია.
გავიდა რამდენიმე წელიწადი და მისი ასული გაიზარდა. ძალიან ჰგავდა დედას, მასავით მშვენიერი და სათნო გოგონა იყო. შვილის შემხედვარე შეშლილ მეფეს საშინელი აზრი მოუვიდა – გადაწვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად“.
ზღაპრის სახელწოდება „ვირის ტყავია“ და ავტორი კლასიკოსი მეზღაპრე შარლ პეროა. ზღაპარი „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.
ზღაპრის შინაარსმა სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია. „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსის ზღაპარი ბავშვებისთვის გათვლილი არ უნდა იყოს.
ამავე აზრს იზიარებს თსუ-ს პროფესორი, ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი. იგი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ბავშვებს საეჭვო ღირებულებების ზღაპრები არ უნდა მივაწოდოთ.
”ბავშვს უნდა ვასწავლოთ სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება. კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევა. სწორედ ამიტომ არის ზღაპრები ბავშვებისთვის აუცილებელი. მსგავსი შინაარსის ზღაპარმა რა უნდა ასწავლოს ბავშვს? რომ სიყვარული ყველანაირ შემთხვევაში დაშვებულია? ბავშვი ამ ზღაპრის შინაარსს ვერც გაიგებს. მსგავსი სახის საეჭვო ღირებულებების ზღაპრები პატარებს არ უნდა წავუკითხოთ, ჩემთვის ეს მიუღებელია,” – აცხადებს მანანა მელიქიშვილი.
ავტორი : გვანცა ბზიავა