“რამდენიმე სკოლაში კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების ჩანაწერების შენახვის წესები დაირღვა”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა. მისი თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ჩანაწერები უკანონოდ გადაეცათ სამართალდამცავებს. ამასთან, არაერთ სკოლაში დაირღვა მოსწავლეების თვალთვალის წესები. კერძოდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებშიც ხორციელდებოდა.
“წლის განმალობაში ჩვენი ინიციატივით შევისწავლეთ რამდენიმე საჯარო და ასევე, კერძო სკოლა. აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვების მონაცემები იმაზე მეტი მოცულობით გროვდება, ვიდრე ეს კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ისეთ ადგილზე ინახება, რომელზეც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სხვა პირებსაც სკოლის ადმინისტრაციიდან, რაც რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია.
ასევე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრად არ არის რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეო სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების გამოსახულების ჩანაწერის შენახვის წესების დაცვა, ვის გადაეცემა ეს მონაცემები. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა მაგალითად პოლიციის დაწესებულებებისთვის”, – აცხადებს ლონდა თოლორაია .