LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოიძე: რომელია ისეთი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც არც აგრესიას იწვევს და არც მიჩვევას, სადაო თემაა

145
1536057077-zoidze

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას  ეხმაურება. იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევასა და აგრესიულ ქცევას, სასამართლომ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული 15-დღიანი პატიმრობა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა გაუუქმა.

აკაკი ზოიძე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა რთული იქნება, ვინაიდან კანაფმაც კი რეგულარული მოხმარებისას შესაძლოა, ადამიანის აგრესია გამოიწვიოს.

მისი თქმით, გაცილებით სწორი იქნებოდა თუკი ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს საპატიმროს ნაცვლად, სამკურნალოდ სარეაბილიტაციო ცენტრებში უშვებდნენ.

„ასეთი გაყოფა, სპეციალისტებს შეგიძლიათ დაეკითხოთ, ძალიან რთული იქნება, მათ შორის, ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში იმიტომ, რომ მარიხუანა, კანაფი, ასევე, გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას ასევე იწვევს აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს. ასე, რომ ასეთი პრინციპით გაყოფა იქნება რთული, ჩემი აზრით, არასწორი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სწორედ არსი იმის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენო პატიმრობის ნაცვლად, ზრუნვა გამოიყენო, არის სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ნარკოდამოკიდებულები არიან, ანუ სწრაფ მიჩვევას, რომელსაც ნარკოტიკი იწვევს, სწორედ იმ შემთხვევაში საზოგადოების ჯანდაცვის კუთხით გამართლებული, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობის და პრევენციის მეშვეობით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ. ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა,“ – განაცხადა ზოიძემ.

აკაკი ზოიძე ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამ ინიციატივით მან პარლამენტს უკვე მიმართა.

2 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად ცნო ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კრიმინალიზება, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას და რომელთა კრიმინალიზება არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

magti 5g