LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზრუნვა ბავშვებზე ძველ ვაგონში, ზამთრის პირობებში – რატომ გამოიყვანა სახელმწიფომ ბავშვები ოჯახიდან

47470954_2387371341291776_4406842848939343872_n

4 ბავშვი, რომელიც წლების განმავლობაში დედასთან ერთად ვაგონში ცხოვრობდა, სოციალურმა სამსახურმა ოჯახიდან მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. სოციალური სააგენტოს მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი წერეთელი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ გარემო, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ, არაკეთილსაიმედო იყო, თუმცა, ბავშვების გამოყვანის მიზეზად წერეთელი დედის მხრიდან ბავშვების უგულებელყოფას ასახელებს, რაც ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დაუცველობას, უფრო კონკრეტულად კი, ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას ნიშნავს.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა სერვისები გაუწია სახელმწიფომ (სოციალური მომსახურების სააგენტომ) ოჯახს იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ბავშვების უგულებელყოფა და სწორედ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები ხომ არ იყო იმის მიზეზი, რომ დედამ ბავშვებზე ვერ იზრუნა. მარი წერეთელი ამბობს, რომ იმ სერვისების ფარგლებში, რაც ოჯახს მიეწოდებოდა, ბავშვებზე ზრუნვა შესაძლებელი იყო.

„მატერიალური კეთილდღეობის და არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გამო, ჩვენ ბავშვები არ გამოგვყავს. სწორედ იმიტომ ვიყავით ჩართული, იმიტომ ხდებოდა ოჯახის გაძლიერება, ოჯახი იყო ჩართული მაგალითად, კრიზისულ პროგრამაში, რომლის ფარგლებში წელიწადში 800-1000 ლარამდე ბენეფიტი მიეწოდებოდათ, საკვები, მედიკამენტები, იყვნენ გადამისამართებული არასამთავრობო ორგანიზაციების კრიზისინტერვენციაში, ჰქონდათ ყოველთვიური კვების ვაუჩერი. ეს იმიტომ კეთდება, რომ არაკეთილსაიმედო მდგომარეობის, სოციალური პირობების გამო არ გამოვიყვანოთ ბავშვები ოჯახიდან,“ – ამბობს მარი წერეთელი.

 

მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ინფრომაციით, ოჯახთან მუშაობა მაისის თვეში დაიწყეს. მარი წერეთელი ამბობს, რომ ბავშვების ოჯახიდან გაყვანამდე, სოციალური მუშაკი მათზე დაკვირვებას ახდენდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი, მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, უგულებელყოფას ადგილი არ ჰქონია. ბოლო ორ ვიზიტზე კი, დედის მხრიდან მზრუნველობა სოც. მუშაკმა ვეღარ დაინახა. “ფორტუნა” დანტერესდა, კონკრეტულად რაში გამოიხატა, დედის მხრიდან ბავშვების უგულებელყოფა, რაზეც მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი გვაპსუხობს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყო დარღვეული და დისფუნქციის მკვეთრი ნიშნები ჰქონდათ სახეზე. უფრო მეტ კონკრეტიკას კი, ჩვენთან საუბარში თავი აარიდა და აგვიხსნა, რომ დეტალები კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს და საჯაროდ უფრო მეტს ვეღარ ისაუბრებს.

„საცხოვრებელი პირობები გაუარესებული იყო, ფანჯრები მორყეული. თუ აქამდე სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, მიუხედავად საცხოვრისის არაკეთილსაიმედოობისა, იყო დაცული, მოცემულ შემთხვევაში, ბოლო ორ ვიზიტზე ჰიგიენური ნორმები აბსოლუტურად დარღვეული იყო, დისფუნქციის მკვეთრი ნიშნები გვქონდა,“ – აღნიშნავს მარი წერეთელი.

რატომ გაუარესდა დედის მხრიდან ბავშვებზე ზრუნვა და რატომ აღარ დაიცვა მშობელმა თუნდაც, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, მიზეზებზე მარი წერეთელი არ საუბრობს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზაფხული-შემოდგომის სეზონზე, როცა გარემოს ტემპერატურა შედარებით მაღალია, მძიმე პირობებშიც კი, ბავშვების მოვლა და ჰიგიენური ნორმების დაცვაც უფრო მარტივია, ვიდრე ცივ სეზონზე, ვაგონში, მორყეული ფანჯრების პირობებში.

ბავშვები ახლა მინდობით აღზრდაში არიან, მათთვის ზრუნვის სერვისის მისაწოდებლად, მიმღები ოჯახი სახელმწიფოსგან ერთ ბავშვზე დღეში 15 ლარს (ამაში შედის კვება, მოვლა, ჩაცმა და ზრუნვა) იღებს. რომ დავაჯამოთ, მინდობით აღზრდაში სახელმწიფო ერთ ბავშვზე თვეში – 450 ლარს ხარჯავს. ეს თანხა კი, იმაზე მეტია, რასაც 6 სულიან ოჯახს ყოველთვიურად უხდიან სოციალური დახმარების სახით. სოციალური დახმარება 6 სულიანი ოჯახისთვის დაახლოებით თვეში 360 ლარს შეადგენს, რასაც ბავშვზე ყოველთვიურად 10 ლარი ემატება. (იანვრიდან 50 ლარი დაემატება). თუმცა, მარი წერეთელი აღნიშნავს, რომ გასათვალისიწნებელია ის არაფულადი აქტივებიც, რასაც სოციალურად დაუცველი ოჯახი იღებს, მაგალითად ყოველ თვე, კვების 80 ლარიანი ვაუჩერის სახით.

„როცა ამ დახმარების მიუხედავად, მშობელი არ ასრულებს ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულებას, სახელმწიფო ერევა და აკეთებს ინტერვენციას,“ – აღნიშნავს მარი წერეთელი.

მარი წერეთელი ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ დედას ბავშვებს ართმევენ და სოციალური სამსახური მათთან მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მათთან, დახმარებას, რომ დედამ მოახდინოს თავისი რესურსების გაძლიერება, თუ დედა ისევ იზრუნებს შვილებზე, რასაკვირველია დავუბრუნებთ ბავშვებს,“ – ამბობს მარი წერეთელი.

მარი წერეთელი ამბობს, რომ თუ დედა რესურსების მობილიზებას შეძლებს და ბავშვებზე იზრუნებს, სოციალური სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაშიც მოიძიებს გარკვეულ რესურსებს. ადგილობრივი თვითმმართველობა ასეთ დროს ოჯახის ქირით გაყვანას იღებს საკუთარ თავზე. კითხვაზე, აქამდე თუ სცადეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ოჯახის გადამისამართება, მარი წერეთელი ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ფაქტი სახეზეა –  სოციალური სამსახური მაისის თვიდან მუშაობს ოჯახთან, რომელიც ზამთრის ცივ სეზონს, წინა წლების მსგავსად, ისევ ვაგონში შეხვდა.

magti 5g