LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბაზარში აფხაზეთიდან გადმოტანილი სიგარეტი მაინც იყიდება: არის თუ არა ვირუსის გავრცელების წყარო კონტრაბანდა

191
1 კონტრაბანდა

მიუხედავად აკრძალვისა და საჯარიმო სანქციების დაწესებისა, ზუგდიდის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე უაქციზო სიგარეტი მაინც იყიდება. ინფორმაციას “ფორტუნას” რესპოდენტები უდასტურებენ და განმარტავენ, რომ დიდი ალბათობით, კორონავირუსის გავრცელების წყაროც, შესაძლოა, სწორედ აფხაზეთიდან გადმოტანილი თამბაქოს ნაწარმო გახდეს. ამ დროის მდგომარეობით ე.წ. საზღვარი გადაკეტილია, ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ასევე ხურჩა-ნაბაკევის სასაზღვრო პუნქტზე მკაცრი შემოწმებებია დაწესებული, კონტრაბანდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი მაინც შემოდის.

“ვინც ეწევა და ძვირიანი სიგარეტის ყიდვის საშუალება არ აქვს, ყველა აფხაზეთიდან გადმოტანილ სიგარეტს ვყიდულობთ. ორჯერ და ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე მაღაზიებში აქციზიანი სიგარეტი. გგონიათ მხოლოდ ენგურის ხიდიდან გადმოჰქონდათ? იმდენი ადგილია საიდანაც თავისუფლად შეიძლება გადასვლა. მაგალითად, მდინარის ფონზე, შამგონასთან, განმუხურთან ახლოს და კიდევ რამდენი იქნება. მხოლოდ აფხაზეთიდან გადმოტანილი კი არა, ადგილზე დამზადებულიც საშიშია” – დემურ თორია.

“ძალიან მეეჭვება აფხაზეთიდან გადმოსულები თვითიზოლაციაში ან კარანტინში იყვნენ”: სამეგრელოში საზღვრის გამკაცრებას ითხოვენ

ზუგდიდელი ელგუჯა მესხია ამბობს, რომ სიგარეტს ზუგდიდის ბაზრის ტერიტორიაზე ყიდულობს, მაგრამ სახლში მისვლისთანავე ყველა კოლოფს საგულდაგულოდ რეცხავს. მისი თქმით, აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ფაქტის შეფასება, როგორც კონტრაბანდა, მისთვის მიუღებელია. რაც შეეხება ვირუსის გავრცელების წყაროდ სიგარეტის შემოტანის შესაძლო ვარიანტს, ის ამბობს, რომ დიდი ალბათობით ეს შესაძლებელია, რადგან იმ ადამიანების სამედიცინო კონტროლი, რომლებიც ე.წ. საზღვრების გვერდის ავლით შემოდიან, ვერ მოხდება.

“რამდენიმე კოლოფს ერთიანად ვყიდულობ. სახლში მისვლისთანავე საგულდაგულოდ ვრეცხავ. ეს კონტრაბანდული საქონელი არ არის და ჩემი აზრით ხდება სიტუაციის არასწორი ფორმულირება. აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და რეგიონში დამზადებული საქონელი კონტრაბანდა კი არ არის, არის უბრალოდ უაქციზო ნაწარმი. კონტროლი ე.წ. საზღვრებზე გამკაცრებულია, მაგრამ მოვაჭრეებს საქონელი ენგურის ხიდიდან არ გადმოაქვთ. არის სხვა შემოვლითი გზებიც. კორონავირუსიც დიდი ალბათობით ასეთი შემოვლითი გზებით შემოსული ადამიანებისგან შეიძლება გავრცელდეს. მთავრობამ სიგარეტის გაყიდვა კი არ უნდა აკრძალოს, ე.წ. სასაზღვრო ზოლი მთლიანად უნდა გააკონტროლოს” – აცხადებს ელგუჯა მესხია.

“მეზობლები ვართ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”: აფხაზეთიდან სამკურნალოდ ზუგდიდში მოდიან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის განცხადებით, რეგიონში ამ დრომდე ინფექციის დადასტურებული შემთხვევა არ ქონიათ. რაც შეეხება გალის რაიონის მკვიდრს, რომელიც კორონავირუსით ზუგდიდში მკურნალობს, დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, აფხაზეთში შესვლისთანავე მოხდა მისი ტრანსპორტირება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და კონტაქტებიც დადგენილია. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტის კონტაქტებიდან რამდენიმე პირი გალის საავადმყოფოში დაკვირვებას გადის. 3 მათგანი კი, ვინც ზუგდიდში მოახერხა გადასვლა, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხით, დღეს გაწერეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g