LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მანჯავიძე მყარ ოჯახზე: „გარდა სიყვარულისა, ამას კიდევ ბევრი რამ სჭირდება: ურთიერთგაგება, მოთმინება, ერთმანეთის პატივისცემა და ა.შ. სხვაგვარად მტკიცე და ბედნიერ ოჯახს ვერ შექმნი და ვერც შეინარჩუნებ…“

374
ზურა მანჯავიძე

მუსიკოსი ზურა მანჯავიძე ჟურნალ „გზასთან“ ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს.

– ვინ არის მთავარი დასაყრდენი და მხარდამჭერი თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემი მეუღლე – თეა ჩხარტიშვილი, რომელიც ძალიან მაგარი გოგოა. ის არის გარანტი იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში და ოჯახში ყველაფერი მშვიდად და წყნარადაა. ყოველთვის იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, თეას წყალობით სახლში ყველაფერი რიგზე იქნება. ის ზრუნავს ჩემს შვილებზე, ოჯახზე და ამ მხრივ, სანერვიულო არაფერი მაქვს. შეძლებისდაგვარად, მეც ვცდილობ, საოჯახო საქმიანობაში ჩავერთო და დავეხმარო, მაგრამ დროის დეფიციტის გამო, ვერ ვახერხებ.

– შვილებზე რას გვეტყვით?

– ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან კარგი შვილები მყავს: უფროსი, გიორგი უკვე დაოჯახებულია. მისი მეუღლე ულამაზესი და უსაყვარლესი ქეთაა. მოუთმენლად ველოდები შვილიშვილით როდის გამახარებენ. მეორე გოგონა მყავს, რომელსაც ანი დავარქვით. ის უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანია, მუშაობს და თავისი საქმე აქვს. როგორც ჩემი რძალი, ჩემი ანაც ულამაზესი და უსაყვარლესია. ნაბოლარა ტყუპი – სანდრო და ლუკა ელექტრონული მუსიკით არიან გატაცებული, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, რომ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები სხვა სფეროშიც გამოცადონ: ახლა ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა სურთ და ცდილობენ, ამ საქმეშიც რაღაცას მიაღწიონ.

– დღეს სტაბილური და მშვიდი ოჯახი იშვიათია. რა არის საჭირო პირად ცხოვრებაში ჰარმონიის მისაღწევად?

– ცხადია, სიყვარული, მაგრამ გარდა სიყვარულისა, ამას კიდევ ბევრი რამ სჭირდება: ურთიერთგაგება, მოთმინება, ერთმანეთის პატივისცემა და ა.შ. სხვაგვარად მტკიცე და ბედნიერ ოჯახს ვერ შექმნი და ვერც შეინარჩუნებ.

– და რა არის საჭირო იმისათვის, რომ მუსიკოსმა წარმატებას მიაღწიოს და ხალხის სიყვარულიც მოიპოვოს?

– ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი მოკლე და ლაკონიური იქნება: ნიჭი და გულწრფელობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები