ზურა შევარდნაძე მეგრელების მასპინძლობით აღფრთოვანებას ვერ მალავს და დაწვრილებით იხსენებს სამეგრელოში სტუმრობას:
„მეგრელებს რომ საუცხოო მასპინძლობა სცოდნიათ ეს დავწერო ალბათ არაა ახალი და ვერავის გავაკვირვებ. არც იმაზე ვიტყვი რამეს, რომ ჩასვლის წუთიდან წამოსვლამდე ოჯახის არც ერთი წევრი გვერდიდან არ მომშორებია, მათი მთავარი საზრუნავი, საფიქრალი, მხოლოდ შენ, სტუმარი ხარ. ელარჯების წელვაზე, გოჭის ნაღვერდალთან სარით ბზრიალზე და ამისთანებზე ხომ საერთოდ არ ღირს არაფრის თქმა, უბრალოდ წარმოუდგენელია რომ დღეს კიდევ დარჩა ადამიანს საამისო ძალა, შეძლება და სიხარულის უნარი, სტუმარი ამ ხარისხით მიიღოს, უკვე ბედნიერებაზე მეტია.
სტაუმართან და სტუმრობასთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი ამბის გარდა აქვთ წვრილმანი თითქოს რომ არაფერი მაგრამ ძალიან გულიანი, ქართული, გულის ამაჩუყებელი ტრადიცია რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა, გამახარა და დამათბო.
სად არ ვყოფილვარ, იშვიათად მინახავს სტუმარს საჩუქრებით რომ ისტუმრებენ. შეუმჩნევლად გილაგებენ საბარგულში, მსხვილღერწიან თეთრ ბამბის ხაპებს, სულგუნებით, ღერღილით, მანდარინით და ხურმით სავსე ჩანთებს, ესეც კიდევ არაფერი…
“წელს იმისთანა უნდა დავატრიალო ჯერ რომ არ მიქნია” – რაზე წერს ზურა შევარდნაძე
გასაცილებლად, გამოსამშვიდობებლად ოჯახის ყველა წევრი ჭიშკრის გარეთ გადმოდის და იერარქიის სრული დაცვით გულში გიკრავს, გიხუტებს. ოჯახის დედას, უფროს ქალს ეზოში ახალმოტეხილი დაფნის დაკვირტული ტოტი უჭირავს და უკვე მანქანაში ჩამჯდარს ფანჯრიდან შემოგაწოდებს, „შარას დოიხვამანქ, უსინწარეთ ქიმეირთუმუდას უდეშა..” მშვიდობიან გზას და შინ ბედნიერად დაბრუნებას ასე ხელში ნედლი ტოტით გისურვებს. ასე ნედლი და ცოცხალი დაბრუნდი და გაგიმართლოსო, მეფეხედ მე დაგიხვდი, ვინმე უგვანოს და გლახა ფეხიანს არ შეხვდე და არ დევიღუპოთო.
უკვე შინ დაბრუნებულს მიხსნიან მეგრელი მეგობრები და თანამშრომლები რომ ამ ნედლი ტოტით გზაზე დამდგარის დალოცვას დიდი ძალა აქვს და აუცილებლად ასე დალოცვილი სტუმარი შინ მშვიდობით დაბრუნდება. ტოტი უსათუოდ დაკვირტული და ნედლი უნდა იყოს. დიდი და ღრმა ფესვები უნდა ჰქონდეს ამ თითქოს პატარა მაგრამ ემოციით სავსე გულიან ამბავს.
სამი დღეა, ვარიგებ ძღვნად გამოტანებულ სანოვაგეს და ჯერ ბოლო არ უჩანს. დაფნის ნედლი ტოტი თავსტუმალს ჩავიდგი წყლიან ჭიქაში და როგორც ძვირფას განძს ისე გავაშრობ სახსოვრად.
იცოცხლეთ ჩემო გულიანო მასპინძლებო, დიდხანს იცოცხლეთ და გაზარდეთ თქვენისთანა გულიანი შვილები რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გამდიდრდეს და გამთლიანდეს“.