LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ დოიჯაშვილი – ჩვენი ქალაქის ხმა და სიმღერად ქცეული მელიქიშვილის გამზირი

105
ზურაბ დოიჯაშვილი

ზურაბ დოიჯაშვილი – მუსიკოსი, რომლის ხმამ და სიმღერებმა არაერთი თაობის გულში დაიდო ბინა. მისი შემოქმედება თბილისის ქუჩების, სიყვარულისა და მონატრების მელოდიური გამოხატულებაა.

ზურაბ დოიჯაშვილი 1963 წლის 17 აგვისტოს თბილისში, პედაგოგი დედისა და მშენებელი მამის ოჯახში დაიბადა. პროფესიით მშენებელი იყო, თუმცა მუსიკისადმი სიყვარულმა მას სხვა გზა აჩვენა. მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. პირველი წარმატება სიმღერამ „სად არ ვიყავ, სად არ არა“ მოუტანა, თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობა და საქვეყნო აღიარება ზურაბ მანაგაძის სიმღერის „მელიქიშვილის გამზირის“  შესრულების შედეგ მოვიდა. მისი რეპერტუარი მოიცავდა ისეთ ჰიტებს, როგორიცაა „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „მარტი“ და „ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი“უსაყვარლესი დუეტი ლელა წურწუმიასთან.

ზურაბ დოიჯაშვილი 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მას ამიოტროფული  სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო თვეების განმავლობაში ის თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. სწორედ ამ დროს, საოცრად ენატრებოდა თბილისი. თბილისში ყველაფერი ენატრებოდა, მეგობრები, ქუჩა, სცენა, კონცერტი. ყოველი კუთხე და კუნჭული უყვარდა და ენატრებოდა. მეგობრები ეჩხუბებოდნენ სულ, ამოიღე ხმაო. არ გვითაკილია, წამოვედით, აქ ზურამ აეროპორტში დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ სანამ ადაპტაცია გავიარეთ და დავიწყეთ ბინის შეძენაზე ზრუნვა, მოხდა ის, რაც მოხდა. ეს ბინა მეორეხარისხოვანი გახდა ჩემთვის და ზურასთვის” – ჰყვებოდა AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზურას მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია.

ზურა საოცარი ადამიანი იყო და ეს კარგად ჩანს, მისი ქალიშვილის, ნუცა დოიჯაშვილის მონათხრობში: „მამას გარეთ როგორც ახასიათებენ, ზუსტად ასეთი იყო სახლშიც. მისი სიმკაცრე არ მახსენდება. დედა იყო ყოველთვის მკაცრი და მამასთან საშველად მივდიოდი, თუ რამე ისეთი ხდებოდა. უნდოდა, რომ კონცერტებსა და ნებისმიერ ღონისძიებაზე მის გვერდით ვყოფილიყავით და ჩვენც ყველგან დავყვებოდით. იმდენად პოპულარული იყო, ვმალავდით, რომ ზურა ჩვენი მამა იყო, არ გვინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ რამით გამორჩეულები ვიყავით. მამა ჩემთვის ყოველთვის ადამიანობის მაგალითი იყო. მისი დარიგება ახლაც ყურში ჩამესმის, ადამიანებში ყოველთვის კარგი ეძებე და ცუდს არ მიაქციო ყურადღებაო“ – იხსენებს ნუცა დოიჯაშვილი.

მეტიც, ზურა თურმე დიდთან დიდი იყო და პატარასთან, პატარა: „შვილიშვილებთან გართობა მოსწონდა, თამაშობდა მათთან, გიტარაზე უკრავდა. ახმოვანებდა სხვადასხვა პერსონაჟს, ყურს ისე „დაიტრიალებდა“, თითქოს ხმას გამოსცემდა. ეს ფოკუსი ძალიან მოსწონდათ ბავშვებს და გამეორებას ეხვეწებოდნენ. ყველაზე პატარა შვილიშვილი ლუკა ისრაელში დაიბადა. ზურამ ბავშვს სიმღერა დაუწერა და როცა უმღეროდა, პატარა ლუკა გაოცებული უყურებდა. მერე ბავშვი თვალებით ითხოვდა ხოლმე, რომ ბაბუას ემღერა. სანამ შეეძლო, ზურა უკრავდა და სულ ამბობდა, ამას სმენა ექნება და აუცილებლად იმღერებსო. უნდოდა, შვილიშვილებს მუსიკა ესწავლათ, გიტარაზე დაეკრათ, ემღერათ. ზურას სურვილი იყო, შვილებთან ერთად სიმღერა ჩაეწერა, მაგრამ ეს არ მოხდა” – იხსენებს ზურას მეუღლე.

ქეთი ვადაჭკორიამ და ზურაბ დოიჯაშვილმა ერთმანეთი 70-იან წლებში, ბორჯომში, შემთხვევით გაიცნეს. ამბობენ, რომ ზურას მეუღლე ერთი ნახვით შეუყვარდა, ყოველ დილას, ექვს საათზე, სანატორიუმის ეზოში მისი ოთახის წინ სკამზე ჯდებოდა და გიტარაზე უმღეროდა. მერე მეგობრობა თბილისში გაგრძელდა, შემდგომ ზურა გერმანიაში წავიდა და ჩამოსვლიდან მალევე წყვილი დაქორწინდა: „ზურა, როგორც მეუღლე, პირველივე წუთიდან ბოლო წუთებამდე იყო შეყვარებული და ასევე ვიყავი მეც”, – იხსენებს ქეთი ვადაჭკორია.

ზურაბ დოიჯაშვილი 2021 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, თბილისში იმ ქუჩას, სადაც გაიზარდა, მისი სახელი დაერქვა. აი, როგორ იხსენებდა ზურას მომღერალი ირმა სოხაძე: „პირდაპირ გეტყვით, ის აღმატებულად შესანიშნავი ადამიანი იყო. ყველაფერში შეგეძლო მისი იმედი გქონოდა. ადრე ხშირად ვაკეთებდი კონცერტების ორგანიზებას, იყო შემთხვევები, როდესაც მისთვის არ დამიძახია, თითქოს იმ კონკრეტულ კონცერტს შეიძლებოდა ზურა არ სჭირდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადამიფიქრებია, მივმხვდარვარ, რომ ზურა იქ უნდა ყოფილიყო. კონცერტამდე ერთი დღით ადრე რომ გეთქვა, ზურა, რომელიმე მომღერალი ავად გახდა და შეგიძლია მის მაგივრად მოხვიდე და იმღერო-მეთქი, მოვიდოდა უდიდესი ენთუზიაზმით და იმაზე უკეთესად იმღერებდა, ვისაც შეცვლიდა ხოლმე”, – იხსენებს ირმა სოხაძე.

ზურაბ დოიჯაშვილი ყველას უყვარდა, თუმცა განსაკუთრებულად ემოციურად დაემშვიდობა მას მომღერალი ზურაბ ხაჩიძე: „მეგონა ვიცოდი, მაგრამ შენ მასწავლე რა არის ნამდვილი ძმაკაცობა, შენ მასწავლე რა არის მოყვასის სიყვარული, შენ მასწავლე როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა აფასებდე შენს ქალაქს და რა არის გერქვას თბილისელი, როგორ უნდა მიუძღვნა შენი თავის სხვას როცა მას ჭირდები, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი და კიდევ ბევრი სხვა ბევრი რამ” – წერდა ხაჩიძე ზურაბ დოიჯაშვილისთვის დაწერილ გამოსამშვიდობებელ წერილში.

ზურაბ დოიჯაშვილი არ იყო უბრალოდ მომღერალი, ის იყო ქალაქის ხმა, სიყვარულის და სინაზის გამოძახილი, თბილისური სევდისა და სასოწარკვეთის სასიმღერო ფორმა. მისი თითოეული სიმღერა ჰგავს ფანჯრიდან დანახულ დაღამებულ ქალაქს, სადაც შუქები სანთელივით ფრთხილად ციმციმებენ და მელიქიშვილის გამზირზე გადის მოგონებების მსუბუქი ქარი. მისი ხმა კვლავაც ჟღერს თბილისურ ეზოებში, მანქანის დინამიკებში, რადიოში. ზურა არ წასულა, ის დარჩა, როგორც სიმღერა, რომელიც აღარ მთავრდება, როგორც ადამიანი, რომელსაც მელოდიად ქცეული სიყვარული გულით დაჰქონდა. ზურაბ დოიჯაშვილი დღესაც ჩვენს გვერდით არის ყველგან, სადაც გრძნობები მუსიკად იქცევა.

magti 5g