„გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას დღეის მდგომარეობით, “არანაირი დრაივი და მოტივაცია” არ გააჩნია.
როგორც ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, არ ჰგონია, რომ საკანონმდებლო ორგანოდან ოპოზიციის გამოსვლით რაიმე შეიცვლება. მისივე თქმით, მისი მიზანია მაქსიმალურად გაძლიერდეს და „5%-იანი ბარიერი გადალახოს“
“ახლა აქციების და ქუჩის პროტესტის განწყობა არ არის, როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ოპოზიციიდან ვიღაცებს სწყინთ, თითქოს მე რაღაცას ვერჩი. ოპოზიციაშიც არ არის მსგავსი განწყობა, სხედან პარლამენტში და კარგად არიან, დადიან ბუენოს-აირესში სამოგზაუროდ და ასე შემდეგ.
არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში არ არსებობს. არ მგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რამე შეიცვლება, მაგრამ მინიმუმ მოტივაცია მაინც ექნებათ. როდესაც კომფორტში ზიხარ და კომფორტიდან არ გამოდიხარ, სტიმული არ გაქვს, რომ რაიმე გააკეთო.
ამ წუთში ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს და არ გააკეთებს 2024 წლამდე, ეს სურათი ჩანს იმიტომ, რომ კარგად არიან, სადაც არიან. 2024 წელს ამოძრავდებიან, დაიწყებენ საუბარს, რომ „ახლა არის ისტორიული მომენტი, დედა უნდა ვუტიროთ, გადაწყდა სიტუაციაო“. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ერთიანობაში გაძლიერდება, მაგრამ როგორ მოახერხებენ ამას, არ ვიცი“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.