„ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს“, – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ განაცხადა.
როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაურს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, მას იარაღის ტარების უფლება შეზღუდული არ ჰქონდა.
„ზურაბ ზვიადაურს 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება“ – პროკურატურამ ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალდება წარუდგინა
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა ტარების უფლება, გეტყვით, რომ ჰქონდა უფლება. ბრალდებულის სტატუსის მქონეა, მაგრამ აღკვეთის ღონისძიება, რაც ჰქონდა შეფარდებული, იმაზე იარაღის აკრძალვა არ ჰქონდა“,- განაცხადა მოდებაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რადგან ბრალდებულს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამოღებული იარაღი არ არის რეგისტრირებული, ადვოკატის თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ექნება ზუსტი ინფორმაცია.
„ის დუმილის უფლებას იყენებს. ზუსტი ადგილმდებარეობა არ ვიცი, მაგრამ საპატრულო პოლიციამ დააკავა, მანქანით მოძრაობდა და გადამოწმების მიზნით გააჩერეს“,- აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზვიადაურის პოლიტიკური ნიშნით დაკავება გამორიცხა.
„არანაირი პოლიტიკური, პოლიტიკას არ უკავშირებს. გააჩერეს და იარაღი ამოიღეს, ექსპერტიზაზე გაიგზავნა”,- აცხადებს მოდებაძე.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
მას ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.