LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: იტალიაში მოვისმინე შეჯერებული პოზიცია, რომ მიღებული უნდა იყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის დაჩქარების გადაწყვეტილება

64
სალომე-ზურაბიშვილი (1)

საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში განხორციელებულ ვიზიტს აფასებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველ არხთან აღნიშნავს, იტალიაში მოისმინა შეჯერებული პოზიცია, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის დაჩქარების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ზურაბიშვილის თქმითვე, იტალია საქართველოს გვერდით დგას:

“პირველი სახელმწიფო ვიზიტია 25 წლის შემდეგ. ერთხელ იყო, მე მგონი, შევარდნაძის პერიოდში სახელმწიფო ვიზიტი; იმის მერე არ ყოფილა და ნამდვილად, არის არჩევანი იტალიის მხრიდან, რომ გამოაცხადოს ის მხარდაჭერა, რომელიც ჩემი ყველა შეხვედრის დროს მოვისმინე, ეს იქნებოდა შეხვედრა რომის მერთან, სენატის თავმჯდომარესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მით უმეტეს პრემიერთან და პრეზიდენტთან. ყველასგან მოვისმინე ეს და ესე იგი, ეს არის შეჯერებული პოზიცია იტალიისგან: ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდში;

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთზე, სხვათა შორის; მაგრამ თქვენთვის უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაზე; რა ფორმით იქნება, კანდიდატურის გამოცხადებით, ამაზე ჩვენ არ გვქონდა დეტალური საუბარი და გასაგებია რატომ;

მაგრამ ძალიან მკაფიო პოზიცია გამოიხატა აქ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო სახელმწიფო ვიზიტის დონეზე, სწორედ ამსახველი იყო, რომ დღეს იტალია დგას ძალიან მყარად ამ პოზიციაზე.

ასევე, ეს ყველამ გაიმეორა: ჩვენ ვიდექით და ვიდგებით სულ მუდამ საქართველოს გვერდით; ვიცით, რაოდენ რთული არის პოზიცია, მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ინფორმირებული არიან – რეფერენდუმი ხან ცხადდება, ხან უქმდება; მთელი ეს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა ვიცით კარგად; ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის მხარეს და ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია.

ასე მკაფიო განცხადებები მე დიდი ხანია არ მომისმენია, მით უმეტეს იტალიისგან, რომლისგანაც, როგორც ვიცით, ეს ტრადიციული პოზიცია არ არის; ეს არის დღევანდელი, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რომელიც გააანალიზეს, უყურებენ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებას, უკრაინაში გაჩაღებულ ომს და ეს არის მათი გზავნილი დღევანდელ ევროპაში და დღევანდელ ევროპაში; იტალიის პრემიერი და პრეზიდენტი არიან ლიდერები – მარიო დრაგი ყველამ იცის, ვინ იყო და რა არის; იმსახურებს ძალიან დიდ ავტორიტეტს და ამიტომ ეს არ არის ჰაერში ნასროლი სიტყვები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.