„სალომე ზურაბიშვილმა გვისაყვედურა, უკრაინის პრეზიდენტი წითელ ხალიჩაზეა, თქვენ რას აკეთებთო, ომი დაიწყო ქვეყანაში და მისი მდგომარეობის შურდა, მზად იყო, გადაეყოლებინა ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ტაში დაემსახურებინა გარე აქტორებისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილისთვის საზომია არა საქართველო და მისი ინტერესები, არამედ გლობალური იდეებია.
„სალომე ზურაბიშვილს არჩევანი გაკეთებული აქვს და როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ აქვს ეს არჩევანი გაკეთებული. ის არის ნაწილი იმ ჭაობისა, რომელიც გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას სხვების ინტერესების სანაცვლოდ. არაერთხელ გავიხსენე, 2022 წლის 25 თებერვალს ირაკლი კობახიძის და ჩემი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, მასთან რეზიდენციაში. მეორე დღეა, ომი დაწყებულია უკრაინაში, სანქციების დაწესებას ითხოვენ ჩვენგან, მაშინ პრემიერმა განაცხადა, რომ არ იქნება სანქციებთან შეერთება და მან შეხვედრაზე პირველი კითხვა დასვა – რას აპირებთ ახლა, ზელენსკი გმირია, თქვენ ასე ხართო. ეს იყო მისი დამოკიდებულება, მისთვის მნიშვნელოვანია ეს ბრჭყვიალა ანტურაჟი, წითელი ხალიჩები, ხელის ჩამორთმევები და ა.შ. მზად იყო, გადაეყოლებინა ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ტაში დაემსახურებინა შემდეგ რომელიმე უცხოელი აქტორისგან. ასე რომ, მას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და არის მათ შორის ის, რომ ის ამ ქვეყნის ნაწილად ვერ იქცა და ვერ აცნობიერებდა, რა ისტორიის და რა მომავლის იმედის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი იყო თავის დროზე. სრულად შედგა სხვების სამსახურში. ამ სამმა დღემაც აჩვენა, მას მწარე რეალობა, რომ ვისი იმედიც ჰქონდა, სადაც წავიდა ვოიაჟში, არაფერი დატოვეს მისგან, გარდა ნომრისა, რომ ის არის მხოლოდ ხუთიანი და მეტი არაფერი.
შეხვედრაზე ერთი საინტერესო მომენტი იყო ამ საუბრის დროს, უკვე მოთხოვნილი იყო მოხალისეების გაგზავნა, მან გვისაყვედურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი წითელ ხალიჩაზეა, ომი დაიწყო ქვეყანაში და მისი, მისი მდგომარეობის შურდა, გმირი არის ადამიანი და თქვენ რას აკეთებთო. ანუ, გამოდის, ჩვენც მის მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით ხომ. მე მას ვუთხარი, მოხალისეების გაგზავნას რომ ითხოვენ ეს არის მეგობრობა? ეს არის კეთილი თავლით შემოხედვა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ასე უნდა იქცეოდეს, თუნდაც ომში მყოფი ქვეყანა? ასე მოვექეცით ჩვენ, როცა ჩვენთან ომი იყო? საკუთარი თავის გაწირვა მოვთხოვეთ ჩვენ? ასეთი მოთხოვნები, ხომ არის ხაფანგი, რომ ჩვენც ომში ჩავებათთქო. პოლიტიკა ეს არის, რომ ხაფანგს გვერდი აუაროთო. ხაფანგს რომ გიგებს შენი მეგობარი ქვეყანა, ეს ნორმალურია? სამწუხაროდ, ასე უყურებდა და უყურებს, მისთვის საზომია არა საქართველო და მისი ინტერესები, მისთვის საზომია გლობალური იდეები და მისი ინტერესები. ვნახეთ, ამ გლობალურმა ინტერესებმაც ცარიელ ნომრად როგორ დატოვა ის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ზურაბიშვილის მიმართ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან რიტორიკის შეცვლის თაობაზე დასმულ შეკითხვას, პაპუაშვილი პასუხობს, რომ დრო არ უნდა დავკარგოთ ოპოზიციის მიერ დადგმული სპექტაკლების ანალიზში.
„ზოგადად, სპექტაკლი, რასაც ოპოზიცია დგამს სხვადასხვა ფანჩატურებით, რომლის კედლის ფერები და შენობა იცვლება, მაგრამ შინაარსი არა, ამასაც შეჩვეული ვართ. ამის ანალიზში დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები შესაკრებებს გადაანაცვლებენ ხოლმე და ჯამი არ იცვლება არც საქართველოს მოსახლეობისთვისაც და არც მათი შედეგებისთვის. 13 წელია, ამას უყურებენ და ჭკუას ვერ სწავლობენ. ეს არის გასაკვირი. გარედან მოსული დაკვეთებით ვინც მოქმედებს, გასაგებია, იმათ ნასწავლი აქვთ ჭკუა და იციან, რა გზაზეც არიან შემდგარი, მაგრამ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მიამიტურად გარშემო ტრიალებენ, ისინი მაინც ვერ სწავლობენ ჭკუას? 31 მარტი არის წყალგამყოფი, ან ისწავლიან ჭკუას, დაინახავენ ბოლოს და ბოლოს რა არის რეალობა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, დადგებიან დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის მხარეს და არა მონობის, ვასალობის მხარეს, რომლის მხარესაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი აქტივისტი სამყარო. ან იქით დარჩებიან, ან ჩვენთან ერთად პოლიტიკურ ლანდშაფტში შექმნიან ახალ პოლიტიკურ გარემოს, რომ საბოლოდ მოვიცილოთ გარკვეული სახადი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ჩვენს ქვეყანას ზედმეტად გაუგრძელდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.