ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აქციების დროს დაკავებული მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის წერილს ავრცელებს, რომელიც მან ციხიდან საზოგადოებისთვის დაწერა:
„სასამართლოში მისული, პირდაპირ საკანში მომათავსეს. მალევე ახალგაზრდა ბიჭები შემოიყვანეს ჩემს პატარა კამერაში, თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი წლის ბიჭები. გაირკვა, რომ თითქმის ყველას ერთი და იმავეს გვედავებიან, 225-ე მუხლით ჯგუფურ ძალადობას, ვის ორგანიზატორობას, ვის მონაწილეობას, საგულისხმოა, რომ ერთმანეთი საკანში გავიცანით.
ერთმანეთის ნახვამ გაგვამხნევა, ხასიათზე მოვედით, ერთმანეთს ვაგულიანებდით, ისე შევხმატკბილდით, რომ საქართველოს ჰიმნიც ვიმღერეთ. პოლიციელები გაისუსნენ, მხოლოდ ჩვენი საკნიდან გადიოდა ეროვნული ჰანგები. მეეჭვება, რომ პოლიციას ოდესმე ენახოს ერთი იდეის გამო გაერთიანებული ახალგაზრდობა, რომელიც გისოსებს მიღმაც კი მათზე თავისუფლები იყვნენ.
გაგვიყვანეს სასამართლოში, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა მოგვისაჯა, უგულებელყო რა სამართლის ყველა პრინციპი და ღიმილის ბიჭები საციხედ გაგვიმეტა. საკანში დაბრუნებულს პოლიციელმა ბორკილები მომხსნა, ალბათ მის გულშიც ხდებოდა რაღაც…
მაგრამ სხვა ბიჭები კვლავ ბორკილებით ისხდნენ, სოლიდარობის ნიშნად თოკით მეც დავიბი ხელები. ვისხედით ესე ბიჭები, ჩაფიქრებულები. უცებ მოვიმარჯვე ასანთი და ჩამწვარი ღერებით საკნის კედელზე დავწერე მარო მაყაშვილის სიტყვები: „გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე წერილში, რომელიც 10 დეკემბრითაა დათარიღებული.