პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს, ჟურნალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმიანება და მის ლექსს „დილის სიმღერა“ ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ ტექსტად მოიხსენიებს ქართულ პოეზიაში.
როგორც ასათიანი წერს, ეს ლექსი „გარიყულ, დავიწყებულ და ტკივილის მატარებელ ადამიანებს“ ეძღვნება და პირველად სწორედ ამ ტექსტით შეიყვარა რატიანის შემოქმედება, სანამ პირადად გაიცნობდა.
„ზვიად რატიანი ამ ლექსით შემიყვარდა, ჯერ კიდევ სანამ პირადად გავიცნობდი. გარიყული, დაჩაგრული, დავიწყებული, დიდი ტკივილის მატარებელი ადამიანებისთვის სიტყვით ნამღერი ამ იავნანით. როცა ვკითხულობდი რატომღაც სულ „აკატონე” მახსენდებოდა ხოლმე – პაზოლინის შედევრიც და ზვიადის ეს ლექსიც ე.წ. „ლუზერების“, გადაყრილი ადამიანების დამზაფვრელ სინამდვილესთან გვტოვებს პირისპირ, და ქართულ პოეზიაში ამ მიმართების პოვნა მომწონდა და ცოტა მიკვირდა კიდევაც.
მერე ზვიადი პირადადაც გავიცანი და ძალიან დავმეგობრდით. ახლოდან დავინახე ეს ვირტუოზი პოეტი და მთარგმნელი რა სიმძაფრის სოციალურ მგრძნობელობას დაატარებს, რა სიღრმიდან აღიქვამს საზოგადოებრივ იერარქიებს და ჩაგვრის მექანიზმებს. ამიტომაც იდგა ქუჩაში, აქციაზე, ყოველდღე, ჯიუტად – ისევ და ისევ. და ამიტომაც გადაიქცა საჩვენებელ სამიზნედ საკუთარი სისასტიკით ტკბობაში ჩაფლული ხელისუფლებისთვის“, – წერს სალომე ასათიანი.
ზვიად რატიანი ამ ლექსით შემიყვარდა, ჯერ კიდევ სანამ პირადად გავიცნობდი. გარიყული, დაჩაგრული, დავიწყებული, დიდი ტკივილის…
Posted by Salome Asatiani on სამშაბათი, 24 ივნისი, 2025
შსს-ში აცხადებენ, რომ პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.