LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ეკრანული რომანი: საუკეთესო რომანტიკული ფილმები

„P.S. მე შენ მიყვარხარ“ (P.S. I Love You,  2007) – ბევრი ვერ ახერხებს საყვარელი ადამიანით გამოწვეული ტკივილის დაძლევას. სწორედ ასე დაემართა ფილმის მთავარ პერსონაჟს, რომელმაც უარი თქვა ადამიანებთან ურთიერთობაზე და სახლში გამოკეტილმა ბედნიერი წარსულის მოგონებებით გადაწყვიტა ცხოვრება. სამწუხაროდ, მხოლოდ ფილმებში შეიძლება ადამიანმა წინასწარ გათვალოს ყველაფერი და ერთგვარი ინსტრუქცია მოამზადოს, რათა მის გარეშე ცხოვრება გაუმარტივოს საყვარელ ადამიანს.

„უბის წიგნაკი“ (The Notebook, 2004)  – განსხვავებული სოციალური ფენის ქალისა და მამაკაცის რომანტიკული ისტორია რამდენიმე ათწლეული გაგრძელდა. წყვილს ჯერ კიდევ მოზარდობაში შეუყვარდა ერთმანეთი, და უამრავი განსაცდელის მიუხედავად, მაინც შეძლო საკუთარი ბედნიერების დაცვა, სიყვარულის სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნება.

„მონანიება“ (Atonement, 2007) – პატარა ბავშვის ფანტაზია რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას ანგრევს,  არადა, ყველაფერი ასე ლამაზად იწყებოდა: თავბრუდამხვევი სიყვარული, უძლიერესი ემოციები და უსაზღვრო ბედნიერება. ფილმის ნახვისას, მაყურებელთა უმეტესობას ავიწყდება, რომ ეს მხოლოდ ეკრანული ისტორიაა, სინამდვილეში კი, ძალიან ცოტას შეუძლია ასე სიყვარული.

„ბედის ვარსკვლავის ბრალია“ (The Fault in Our Stars, 2014) – მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ფილმის გმირებმა მაინც გარისკეს ბედნიერებისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, ისტორიის ფინალი წინასწარაა გადაწყვეტილი, თუმცა მართლაც დიდი გამბედაობაა საჭირო, რათა შემოუშვა შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც ძალიან მალე, სამუდამოდ დაკარგავ.

„მულენ რუჟი!“ (Moulin Rouge! 2001) – სად შეიძლება დაიჯერო ნამდვილი სიყვარულის, თუ არა პარიზში?! კაშკაშა ფერებს მაყურებელი უჩვეულო რომანტიკულ სამყაროში გადაჰყავს, სადაც შეყვარებული მთვარეც კი მღერის, სიკვდილი კი, იძულებულია მოიცადოს და ცოტა დრო მისცეს შეყვარებულებს. ამგვარი ისტორიების შემდეგ ყოველთვის რთულია დაუბრუნდე რეალურ ცხოვრებას.

„შადრევანი“ (The Fountain, 2006) – ულამაზესი ისტორია სიყვარულის ძალაზე. მთავარი პერსონაჟი ნებისმიერ მსხვერპლზე თანახმაა და მზადაა თავით გადაეშვას გიჟურ თავგადასავალში, რომელიც ერთადერთ გადარჩენად ეჩვენება.

„შოკოლადი“ (Chocolat, 2000) – რეალურ ცხოვრებაში რთულია იმ ადამიანის პოვნა, რომელიც უანგაროდ შეძლებს სხვების გაბედნიერებას, მომხიბვლელ ვივიენს კი, ამის ნამდვილი ნიჭი აქვს. უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალგაზრდა ქალი მაინც ახერხებს შეაყვაროს თავი უცნობ მოგზაურს და ნაკლებად კეთილგანწყობილ მეზობლებს.

„ვანილის ცა“ (Vanilla Sky, 2001) – რა არის საჭირო ბედნიერებისთვის – საყვარელი ადამიანი, იდეალური გარეგნობა თუ შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობები? ხშირად, სწორედ ამგვარი ფიქრები ამძიმებენ რეალობას. მთავარმა პერსონაჟმა საკუთარ თავზე გამოსცადა რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა, სიმპათიური და მდიდარი, მერე კი, ერთი ხელის მოსმით დაკარგო ყველაფერი. თუმცა სიყვარული ნებისმიერს აბედნიერებს და აძლევს ძალას გააგრძელოს სრულფასოვანი ცხოვრება.

„ტკბილი ნოემბერი“ (Sweet November, 2001) – მთავარი პერსონაჟის პრობლემები ყველასთვის კარგადაა ცნობილი – მუდმივი მოუცლელობა, მხოლოდ პასუხისმგებლობა და უარის თქმა საკუთარ სურვილებზე. ასეთ ადამიანის გრძნობების გაღვიძება მხოლოდ უმშვენიერესი ქალბატონის გულწრფელ სიყვარულს შეუძლია, რომელიც მომაკვდინებელი სენის მიუხედავად ყოველთვის ახერხებს ოპტიმიზმის შენარჩუნებას.

„ახალი დასაწყისი“ (Begin Again, 2013) – შემოქმედება, რომანი, მეგობრობა და ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი – შეუძლებელია უკეთესი სცენარის მოფიქრება. “გაინტერესებს, რატომ მიყვარს მუსიკა? – იმიტომ რომ ყველაზე ბანალური სცენის გაფერადებაც შეუძლია!” – ამბობს მთავარი პერსონაჟი და ძალიან საწყენია, რომ რეალურ ცხოვრებას არასდროს ახლავს ენერგიული და რიტმული, მელოდიური და მელანქოლიური მუსიკალური გაფორმება.

„შენთან შეხვედრამდე“ (Me Before You, 2016) – უილის ცხოვრებაში მოულოდნელად შეჭრილი ლუ თავისი უცნაური სამოსიათა და განსხვავებული შეხედულებებით ცხოვრებაზე ნამდვილ ფეიერვერკს ჰგავს. როგორც ჩანს, პერიოდულად ყველას გვჭირდება შეხვედრა ადამიანთან, რომელიც საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს და ცხოვრების მშვენიერებაში დაგვარწმუნებს.

„შემიყვარე თუ გაბედავ“ (Jeux d’enfants, 2003) – მართალია, უფროსები არასდროს თამაშობენ ბავშვების თამაშებს, მაგრამ ფილმის პერსონაჟებმა ერთხელ დავიწყებული თამაში ვეღარ დაამთავრეს. რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში წარმოუდგენელია ამგვარი გიჟური ურთიერთობა, რადგან ცოტა თუ გაბედავს შესთავაზოს საყვარელ ადამიანს 10 წელი არ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე შეასრულებს პირობას.

„ერთი დღე“ (One day, 2011) – ნაცნობობა გამოსაშვებ საღამოზე სწრაფად გადაიზარდა რომანტიკულ ურთიერთობაში და მართალია წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს, მაგრამ მეგობრობა მაინც შეინარჩუინა. ემა – ჭკვიანი და საინტერესო ქალია, რომელიც არასდროს ამბობს უარს დახმარებაზე. დექსტერი კი, სიმპათიური და უპასუხისმგებლო მამაკაცი, რომელსაც ყოველთვის სჭირდება დახმარება. ემა მუდმივად დექსტერის სასიყვარულო ისტორიებს ისმენს და საკუთარ განცდებს მალავს, დექსტერი კი, მუდმივად ახლის ძიებაშია და ვერ ხვდება, რომ ერთადერთი, ვინც სჭირდება ყოველთვის მის გვერდითაა. ზოგჯერ რეალურ ცხოვრებაშიც ასეა – საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით გრძნობებში და ვერ ხვდებით, რომ თვითონ ვანგრევთ საკუთარ ბედნიერებას.

„ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“ (Eternal Sunshine of the Spotless Mind, 2004) – შეუძლებელია სამუდამოდ დაივიწყო ადამიანი, რომელიც ოდესღაც ყველაზე ძვირფასი იყო შენთვის,  რადგან მეხსიერებაში ყოველთვის რჩება წვრილმანები – განსაკუთრებული სიტყვები, სიმღერები და ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთები, რომლებიც მხოლოდ შემდეგ იძენენ აზრს. მართალია, განაწყენებული ჯოელი ყველანაირად ცდილობს დაივიწყოს ძველი სიყვარული, მაგრამ ხვდება, რამდენად ძლიერია მისი გრძნობები და ახლა უკვე თავგამოდებით ცდილობს საყვარელი ქალის, მასთან ურთიერთობის ყველა დეტალის საკუთარ მეხსიერებაში შენახვას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები