LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენები ცნობილია

262

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გასული წლის შედეგები შეაჯამა და 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.
წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და ორგანიზაციები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
2015 წლის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოება თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აღიარეს. შეგახსენებთ, იგი 3 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 8 წელი არ ჰყოლია. ფინალში 24 წლის ხინჩეგაშვილმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ჰასან რაჰიმი დაამარცხა. ხინჩეგაშვილს ჯილდო პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადასცა.

2015 წლის საუკეთესო მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გახდა.
ნუგზარ სხირელი ჭიდაობის ნაკრების და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მწვრთნელია.

2015 წლის საუკეთესო ნაკრები ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2,5:1,5 და მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე გახდა.
იგი 2015 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოხვდა.

2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ზვიად პატარიძე გახდა.
ზვიად პატარიძე ბერძნულ-რომაული სახეობის მოჭიდავეა.

არასპორტულ სახეობაში 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა.
ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოს სტილის მოჭიდავეა. მაროკოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოს სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში 8 მედალი, 1 კი გუნდურად მოიპოვეს.მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალლი მოიპოვა 57 კგ. წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილმა.

ზვიად გოგოჭური წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი გახდა.
ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ძიუდოში ევროპის ღია ტურნირის მეორე დღეს მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა და ზვიად გოგოჭური 90 კილოგრამში გახდა ჩემპიონი. საჩემპიონო შეხვედრაში მან რუსეთის ნაკრების წევრი მურატ გასიევი 49 წამში ისე დაანარცხა ბეჭებით ტატამს, ინტერნეტ-რეპორტაჟის წამყვანმა სიცილი ვერ შეიკავა.სამხრეთ კორეაში მიმდინარე უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ირმა ხეცურიანი წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი გახდა.
ირმამ ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში ვარჯიში 2 წელია დაიწყო. მან ამ დროში 4 მედლის მოპოვება მოახერხა. კანადის გრანპრიზე ბრინჯაო და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. ვერცხლი და ბრინჯაო აიღო ასევე პოლონეთის ღია ჩემპიონატზე.

მამუკა გორგოძე წლის საუკეთესო კაპიტანი გახდა.
წლის საუკეთესო კაპიტნის ჯილდო კახა კალაძემ გამოაცხადა. თავად მამუკა გორგოძე კი ღონისძიებას ვერ დაესწროა.
შეგახსენებთ, რომ Planetrugby.com-მა სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც სამი ქართველი მორაგბე – ვასილ ლობჟანიძე, მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი მოხვდა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი 2015 წლის საუკეთესო მენეჯერი გახდა.

2015 წლის აღმოჩენა ძიუდოს გოგონათა ნაკრები გახდა.
თბილისი 2015-ზე ქართველ გოგონათა შთამბეჭდავი ასპარეზობისთვის მათ სპეციალური პრიზი გადაეცათ.

წლის საუკეთესო ფედერაციად ძალოსნობის ფედერაცია დაასახელეს.

საუკეთესო მსაჯი თემურ ყაზარაშვილი გახდა (ძიუდო).

სპეციალური ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა ზურაბ კახაბრიშვილს (ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი);
სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;

წლის ბიზნესკომპანია გახდა – ვითიბი ბანკი.

წლის სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცეპრემიერი კახი კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის მერი დავით ნარმანია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოთარ დანელია, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები