LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 შვილის დედა თბილისში, ელექტროსადენით გაგუდეს

99

ერთდღიანი ძებნის შემდეგ 4 შვილის დედა მოკლული იპოვეს. მირანდა ვაჩეიშვილი ელექტროსადენით გაგუდეს. მკვლელი მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია და დანაშაულიც აღიარა.

გარდაცვლილის შვილმა, ნინო ვაჩეიშვილმა, დედის მკვლელობის შესახებ პოლიციისგან შეიტყო. ოჯახის წევრების თქმით, მირანდა ვაჩეიშვილს ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, გამუდმებით ემუქრებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა და მის საჩივარს საბურთალოს და გლადინის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მათ რეაგირება ყოველ მიმართვაზე მოახდინეს. მათ შორის ერთხელ უწყებამ, ჯანაშვილს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა. მან კი ამის შემდეგ, ცოლის მეგობრის საქმე გადაწვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქმის აღძვრის შემდეგ, სასამართლომ გიორგი ჯანაშვილს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

გიორგი ჯანაშვილმა მირანდა ვაჩეიშვილი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლა. პოლიციამ ის მოგვიანებით, კორპუსიის სადარბაზოში დააკავა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი და მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯანაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მკვლელობას თვითმხილველიც ჰყავს – ის ბრალდებულის დედაა, რომელიც სასამართლოში არ გამოცხადებულა.

გარდაცვლილს ერთ 19 წლის და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, 80 წლის მამა დარჩა. როგორც “კურიერთან” ინტერვიუში მირანდა ვაჩეიშვილის უფროსმა შვილმა განაცხადა, მოხუცზე და ბავშვებზე ზრუნვა სწორედ მას მოუწევს.

პოპულალურები