LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 საათიანი სამუშაო დღე და ბედნიერი თანამშრომლები – რა შედეგი მოიტანა საათების შემცირებამ შვედეთში

295

შვედეთში 6 საათიანი სამუშაო დღის 2 წლიანი ექსპერიმენტი დასრულდა. რა შედეგი მისცა ხელისუფლებას და კერძო სექტორს სამუშაო საათების შემოკლებამ – საკითხთან დაკავშირებით „სიენენი“ ექსპერტიმენტულ პროექტში მონაწილე დასაქმებულებს და დამსაქმებლებს ესაუბრა. 

26 წლის ექთანი ემილი ტელანდერი, რომელიც გოტენბურგის მოხუცებულთა თავშესაფარში მუშაობს, სიამოვნებით საუბრობს საკუთარ სამსახურზე, თუმცა სახიდან ღიმილი უქრება, როდესაც ახსენდება, რომ 6 საათის ნაცვლად ამიერიდან კვლავ დღეში 8 საათი უნდა იმუშაოს.

„მგონია, რომ უფრო მეტად ვარ დაღლილი, ვიდრე ადრე. სახლის საქმისთვის, მზარეულობისთვის, კითხვისთვის და ჩემი 4 წლის ქალიშვილისთვის ბევრად ნაკლები დრო მაქვს. 6 საათიანი მუშაობის დროს მეტი ენერგია მქონდა, გარშემო ყველა ბედნიერი იყო,“ – ამბობს ემილი.

ტელანდერი ერთ-ერთია იმ 70 ექთნიდან, რომლებსაც ექსპერიმენტის პირობებში სამუშაო დღე 2 საათით ჰქონდათ შემცირებული.

 

პროდუქტიულობის ზრდა

სამუშაო საათების შემცირების შედეგებს  პროექტის დამოუკიდებელი მკვლევარები აკვირდებოდნენ და აანალიზებდნენ.

პირველი 18 თვის მანძილზე მოხუცთა თავშესაფრებში დასაქმებულები უფრო იშვიათად სთხოვდნენ ხელმძღვანელებს, გაეთავისუფლებინათ ავადმყოფობის გამო, უკეთესად გრძნობდნენ თავს და პროდუქტიულობამ საგრძნობლად აიწია – ექთნებმა პაციენტებთან აქტივობები 85%-ით გაზარდეს.

თუმცა, კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ პროექტის ღირებულებაზე მეტ სარგებელს სამუშაო საათების შემცირებით ნახავენ.

 

 

 

რამდენი საათით განისაზღვრება, საბოლოოდ, სამუშაო დღე

6 საათიანი სამუშაო დღის დაწესებას მხარს პარლამენტში მხოლოდ მემარცხენეები უჭერენ, აღნიშნულმა პარტიამ კი შვედეთის ბოლო არჩევნებში მოსახლეობის 6%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

ამის მიუხედავად, გოტენბურგის მსგავსად, სხვა მუნიციპალიტეტებშიც აპირებს ორგანიზაციების ნაწილი სცადონ, რა შედეგს მოიტანს 6 საათიანი სამუშაო დღე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები