LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

600 ლარით დაწყებული ბიზნესი -საქართველოდან საბავშვო სათამაშოები რეექსპორტზე გავა

627

#გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას, რომელსაც ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად,  წელს უკვე მეორედ გამართავენ,  საბავშო სათამაშოების იმპორტიორი კომპანია ”დიმარიც” შეუერთდა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, ნიაზ ძიაპშიპამ განუცხადა, საქართველოში ბავშვებისთვის სათამაშოების იმპორტი გერმანიიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან ხორციელდება. რაც შეეხება რეალიზაციას, ”დიმარის” სათამაშოებით ძირითადად, საქართველოს მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღები მარაგდება, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც შშმ ბავშვებთან მუშაობენ. ამასთან, მომხმარებელს ”დიმარის” პროდუქციის შეძენა კომპანიის ოფიციალური ”ფეისბუქ” გვერდის საშუალებითაც შეუძლია. სათამაშოები იყიდება ”ჯორჯიტას” მაღაზიათა ქსელშიც.  პროდუქციის გასაყიდი ფასი 2 ლარიდან – 120 ლარამდე მერყეობს.

 ”აღნიშნული ბიზნესი 2004 წელს დავიწყე. მაშინ საქართველოში საბავშვო სათამაშოები მაინც დეფიციტური იყო, ამიტომ იმ თანხით, რაც იმ ეტაპზე გამაჩნდა- 600 ლარით, გერმანიიდან გამოვიწერე სათამაშოები. შემდეგ, უკვე გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობა დავიწყე და ახლა უკვე პარტნიორი კომპანიები მყავს, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც ვარ, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანსა და სომხეთში”, – აღნიშნა ”დიმარის” დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია სამომავლოდ სათამაშოების გატანას რეექსპორტზე გეგმავს. როგორც ნიაზ ძიაპშიპა ამბობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან- სომხეთთან და აზერბაიჯანთან, სადაც ”დიმარის” სათამაშოები გაიყიდება.

 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ”დიმარის” სათამაშოები კონკურენტებისგან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამასთან, არის აბსოლუტურად განსხვავებული – ე.წ განმავითარებელი სათამაშოები და რაც მთავარია, უსაფრთხო.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ”დიმარი” 80-ამდე სახეობის საბავშვო სათამაშოს რეალიზებას ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები