LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 ყველაზე მოდური ეროტიკული ფილმი

„ფართოდ დახუჭული თვალებით“ (EYES WIDE SHUT, 1999) –  სტენლი კუბრიკის უკანასკნელ ფილმში, რომელსაც ხშირად „მათრობელა სექსუალური ოდისეასაც“ უწოდებენ, მთავარი როლები ტომ კრუზმა და ნიკოლ კიდმანმა შეასრულეს, რომლებიც ფილმზე მუშაობის  შემდეგ სკანდალით დაშორდენ ერთმანეთს. მოჩვენებითი იდილიის მიუხედავად, ფილმის პერსონაჟები უამრავი კომპლექსითა და ამბიციით, ფარული სურვილით, ეჭვით არიან შეპყრობილი და როგორც ჩანს, სწორედ ამგვარ გამოცდას ვერ გაუძლეს მსახიობებმა, რომელთაც ზედმეტად გაითავისეს საკუთარი პერსონაჟები.

„უკანასკნელი ტანგო პარიზში“ (ULTIMO TANGO A PARIGI, 1972) – კიდევ ერთი ფილმი, რომელმაც პრაქტიკულად დაანგრია მთავარი როლის შემსრულებლის მარია შნაიდერის ცხოვრება და კარიერა – ბერნარდო ბერტოლუჩის ფილოსოფიურ-ეროტიკული დრამაა, რომელიც პარიზში გადასახლებულ, 45 წლის ამერიკელი მამაკცის განცდებზე, მის ნაცნობობაზე ახალგაზრდა ექსცენტრიულ გოგონასთან და იმ დამანგრეველ ვნებაზე მოუთხრობს მაყურებელს, რომელსაც ორი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი განიცდის.

„მეოცნებეები“ (THE DREAMERS, 2003) – გილბერტ ადერის სცენარით შექმნილი, კინემატოგრაფიული ალუზიებით მდიდარი კამერული დრამა ისევ ბერნარდო ბერტიოლუჩის ავტორობით, სამი ახალგაზრდას ურთიერთობის ისტორიაა, რომლებიც სექსუალური ექსპერიმენტებით ცდილობენ რთული ფსიქოლოგიური პრობლემების გარკვევას.

„ძირითადი ინსტინქტი“ (BASIC INSTINCT, 1992) – 1990-იანი წლების მთავარი კინოჰიტი შერონ სტოუნის მონაწილეობით, დღესაც საკულტო ეროტიკულ ტრილერად ითვლება. მართალია, თავიდან კეტრინ ტრამელის როლი მიშელ პფაიფერს უნდა შეესრულებინა, თუმცა ზედმეტად გულახდილი სცენების გამო მსახიობმა უარით უპასუხა პოლ ვერჰოვერნის შეთავაზებას, რომელსაც სიამოვნებით დათანხმდა შერონ სტუნი და მაიკლ დუგლასთან ერთად დაუვიწყარი დუეტიც შექმნა.

„ცხრანახევარი კვირა“ ( NINE 1/2 WEEKS, 1985) – კიდევ ერთი ეროტიკული შედევრი მიკი რურკისა და კიმ ბესინჯერის მონაწილეობით, მოკრძალებული გალერისტისა და მანკიერი ბიზნესმენის ისტორიაა, რომელსაც ქალბატონების მოხიბვლის მეტად არასტანდარტული მეთოდები აქვს. სხვათაშორის, სწორედ ედრიან ლაინის ფილმი დაედიო საფუძვლად ცნობილ რომანს „გრეის 50 ელფერი“.

„ემანუელა“ (EMMANUELLE, 1974) – კლასიკური ეროტიკული საგა სილვია კრისტალის მონაწილეობით, 1970-იანი წლების სექსუალური რევოლუციის მანიფესტად და თავისუფლების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა მოძველებული ფასეულობების სამყაროში.

„საყვარლები“ (L’AMANT, 1992) – მარგერიტ დიურასის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია ცნობილი ფრანგი რეჟისორის ჟან-ჟაკ ანოს ავტორობით, მდიდარი ასაკოვანი ჩინელი მამაკაცისა და 15 წლის ფრანგი გოგონას აკრძალული სიყვარულის ისტორიაა, რომელიც გასული საუკუნის 30-ანი წლების კოლონიალურ ვიეტნამში, ულამაზესი პეიზაჟებისა და დახვეწილი აზიური დეკორაციის ფონზე ვითარდება.

„დამაბი“ (ÁTAME! 1989) – გასული საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ესპანურ ეროტიკულ მელოდრამაში პედრო ალმოდოვარიმა მაყურებელს ფსიქიურად აშლილი ახალგაზრდა კაცის და პორნოვარსკვლავის სიყვარულის ისტორია მოუთხრო. სხვათაშორის, დღეს უკვე ცნობილმა ანტონიო ბანდერასმა სწორედ ალმოდოვარის ფილმში შეასრულა თავისი პირველი წარმატებული როლი.

„მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი (THE COOK THE THIEF HIS WIFE & HER LOVER, 1989) – პიტერ გრინუეის ეპატაჟურმა ტრაგიკომედიამ ჰელენ მირენის მონაწილეობით სექსი, კულინარია, კანიბალიზმი გააერთიანა და კრიტიკოსების რისხვაც დაიმსახურა, მით უფრო, რომ სპეციფიური ბრიტანული იუმორი ბევრმა შეურაცხყოფად მიიღო. კინოსმოყვარულები დღმდე ვერ ახერხებენ შეთანხმებას, რადგან ნაწილი ფილმს შედევრად, ნაწილი კი, რეჟისორის ყველაზე დიდ მარცხად მიიჩნევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები