LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატებსა და ექსპერტებს მაჩალიკაშვილის საქმის მტკიცებულებებზე წვდომა არ აქვთ – EMC

40

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმიანება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესის ხარვეზებს, რომელიც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებებზე წვდომის შეზღუდვას უკავშირდება და პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.

EMC-ში აცხადებენ, რომ მასალების გაცნობის მოთხოვნით, თბილისის პროკურატურას ჯერ კიდევ 2018 წლის 14 თებერვალს მიმართეს, რაზეც უწყების მიერ უარი ეთქვათ იმ არგუმენტით, რომ განმცხადებლების მიერ არ იყო წარდგენილი განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე დაშვებაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ამ გადაწვეტილებას ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინტერესების საუკეთესო დაცვის და მასალებზე წვდომის მიღების მიზნით, EMC–იმ განცხადებით მიმართა სუს-ს და მოითხოვა მასალებზე წვდომის ნებართვის მიღება. ორგანიზაციის ეს მოთხოვნა სუსის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ არგუმენტით, რომ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო ორგანოს/იურიდიულ პირს არ წარმოადგენს, არ გააჩნია უფლება ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.

“EMC-ის შეფასებით, სუს-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონით დადეგნილ რეგულაციებს, რომელიც სახელმწიფო ორგანოების/იურიდიული პირების მიღმა, ადგენს ფიზიკური პირის შესაძლებლობას შესაბამისი პროცედურების დაცვით მიიღოს ინდივიდუალური დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე. სუს-ის აღნიშნული გადაწყვეტილება, სასამართლოში მის გასაჩივრებამდე, 2018 წლის 24 მაისს EMC-იმ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე გაასაჩივრა. საჩივარში EMC კიდევ ერთხელ ასაბუთებს განსახილველ ინფორმაციაზე წვდომის საჭიროებასა და მნიშვნელობას. EMC უთითებს, რომ მასალების გაცნობის გარეშე ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა სათანადოდ განახორციელონ მიმდინარე გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა და ეფექტიანად და რეალურად დაიცვან დაზარალებული პირის ინტერესები და უფლებები გამოძიების წინაშე,”- წერია განცხადებაში.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები