LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგროწარმოების ხელშეწყობისთვის მორიგი პროგრამა იწყება

98

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აგროწარმოების ხელშეწყობისთვის მორიგ პროგრამას იწყებს.

„ფერმერთა ასოციაციის” ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი კულტურებია: ხურმა, ვაშლი, ატამი, ბოსტნეული, დაფნა, კენკროვანი კულტურები, თაფლოვანი კულტურები, კაკალი, თაფლი , ყვავილების კულტურები.

ასოციაციის ინფორმაციით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია, პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა; არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისა და მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა; გარდა ამისა, პროგრამის ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აგროწარმოებაში.

პროგრამის პირველ ეტაპზე 144 ბენეფიციარი დაფინანსდა, ინვესტიციის მოცულობამ 8,229,215 ლარი შეადგინა, საიდანაც 3,256,001 ლარი გრანტის სახით გაიცა.

პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის” (AMMAR) ფარგლებში და ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.

„ფერმერთა ასოციაციის“ ინფორმაციით, პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ა(ა)იპ “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის გარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები