LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალპებიდან კავკასიამდე” – თამარ კორძაძე ქართველ მუსიკოსებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში ეხმარება

64

შვეიცარიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა თამარ კორძაძემ რამდენიმე წლის წინ ციურიხში დააფუძნა საქველმოქმედო ასოციაცია „ვივაჩე“, რომლის მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერა და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ასოციაცია „ვივაჩეს“ საქველმოქმედო პროექტი „ალპებიდან კავკასიამდე“, რომლის ფარგლებში ჯერ კიდევ შარშან თბილისში გაიმართა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთობლივი კონცერტი.

4 დღის წინ, 20 ნოემბერს კი დაიწყო პროექტის მეორე ეტაპი. ნიჭიერმა ქართველმა მუსიკოსებმა – თამთა მაღრაძემ, ცოტნე ცოცხალაშვილმა და თამარ მიდელაშვილმა შვეიცარელ თანატოლებთან ერთად კონცერტი ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართეს. ამ კონცერტში მათთან ერთად სცენაზე გამოვიდნენ გამოჩენილი მუსიკოსები, ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორები – ტომას გროსენბახერი (ჩელო), ფაბიო დი კასოლა (კლარნეტი), თამარ კორძაძე (ფორტეპიანო) და საქვეყნოდ აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე. პროექტის „ალპებიდან კავკასიამდე“ ფარგლებში ქალბატონმა ლიანამ მასტერკლასებიც ჩაუტარა შვეიცარელ სტუდენტებს. როგორც ისაკაძემ აღნიშნა, იგი დიდი სიამოვნებით ჩაერთო თამარ კორძაძის მეტად მნიშვნელოვან პროექტში „ალპებიდან კავკასიამდე“, ვინაიდან ამით მუსიკოსი საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს, განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, გავიდნენ ფართო ასპარეზზე, გაითვალისწინონ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების რჩევები და დაამყარონ კონტაქტები თანატოლებთან შვეიცარიაში.

კორძაძემ ბოლო წლების მანძილზე 8 მუსიკოსს დაეხმარა, გაემართათ კონცერტები ბერნსა და ციურიხში, 7 მოზარდი წაიყვანა იტალიაში (მონტეპულჩანო) საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე და საშუალება მისცა თავიანთი შესაძლებლობები ევროპელი მაყურებლის წინაშე წარმოეჩინათ. მსგავსი კონცერტებით „ვივაჩემ“ 9 ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ახალგაზრდა ხელოვანთა ფესტივალზე ბაიროითში (გერმანია) და ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალზე Youth Classics (გერმანია, შვეიცარია). ასოციაცია „ვივაჩე“ ეხმარება აგრეთვე ქართველ ახალგაზრდებს სტიპენდიებით, ინსტრუმენტებით, სასკოლო ინვენტარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები