LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძისა და ნუცა შანშიაშვილის ახალი კლიპის პრემიერას ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ (ფოტოგალერეა)

212

„მაჩუქე ფრთები“ ანრი ჯოხაძის ახალი სიმღერაა, რომელიც ნუცა შანშიაშვილთან დუეტში შეასრულა და მასზე კლიპიც თავად გადაიღო. 9 ივნისს, კინოთეატრ „ამირანში“ შოუბიზნესის წევრებისა და ჟურნალისტებისთვის კლიპის პრემიერა შედგა.

შეკრებილ საზოგადოებას ანრიმ გვამცნო, რომ ნუცა შანშიაშვილმა ეს სიმღერა ძალით დააწერინა და როგორც იქნა, მან დღის სინათლე იხილა. დიდ ეკრანზე ნაჩვენები კლიპის პირველივე კადრებს ხანგრძლივი ემოციები და შეძახილები მოჰყვა. უნდა ითქვას, რომ როგორც რეჟისორს, ანრის უკვე რამდენიმე ვიდეო დაუგროვდა და როგორც საღამოზე აღინიშნა, მისი ხელწერა ყველგან იგრძნობა. ვიდეო მეორედაც აჩვენეს არანაკლები ტაშის ფონზე.

კლიპის პრემიერის შემდეგ საზოგადოებას და ღონისძიების მთავარ გმირებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

ნინო ძოწენიძე:

ძალიან ემოციური სიმღერაა. ანრიმ ზუსტად იცის თავისი საქმე. ყველა ამ სიმღერას ასრულებს. ნუცა ულამაზესი და უნიჭიერესია. ვფიქრობ, ანრის შემოქმედებაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო დუეტია. სიმღერა და კლიპიც, ორივე ერთნაირად მომეწონა. ვერ გამოვყოფ ცალ-ცალკე. ანრიმ ძალიან კარგად იცის, როგორ მოუხდინოს სიმღერას კლიპი.

DSC_4314სალომე ბაკურაძე:

ვულოცავ, პირველ რიგში. ანრისგან მიჩვეულები ვართ ლამაზ-ლამაზ რაღაცებს, მაგრამ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. გამაჟრიალა, მელოდიაც ისეთია, რომ მგონი, ძალიან მალე შეუყვარდება მსმენელს, დიდ თაობასაც და ახალგაზრდა თაობასაც.

ვფიქრობ, ანრის, როგორც რეჟისორს, თავისი ხელწერა ჩამოუყალიბდა, რომელიც აქაც იგრძნობოდა, კამერის მოძრაობასა თუ ფერებში. ერთ-ერთ კადრზე დამწყდა გული, ისეთი ლამაზი და ემოციური იყო, მინდოდა გაგრძელებულიყო…

ანრი ჯოხაძე:

კარგია, თუკი ამბობენ, რომ ჩემი ხელწერა იგრძნობა. ველოდებოდი ასეთ შეფასებებს. სწორად გამიგეთ, არ ველი ქებას. სხვა საკითხია, ვის მოსწონს და ვის – არა, მაგრამ არსაც მე ვაკეთებ, გულწრფელია. არ ვმღერი გვირილებსა და ვარდებზე, ვმღერი იმაზე, რაც მაწუხებს. იმ მუსიკალურ მოტივს, რასაც აქ მოისმენთ, სხვაგან ვერსად შეხვდებით. „რატომღაც მგონია, ყველა მიყვარდა, ვისთანაც კი რამე მქონია“ – ამას ქართულ სიმღერაში ვერ მოისმენთ. ეს მარტო მე შევძელი, მარტივად და ლამაზად გადმომეცა ორი ადამიანის პირადი ცხოვრება…

შენ გქონია პირადში ასეთი შეგრძნება?

რა თქმა უნდა, აბა, ნუცამ ხომ არ დამაძალა, რომ დამეწერა? ჩემი უახლესი ისტორიიდან გადმოვიტანე რაღაც ამბავი და გადმოვეცი სიმღერაში. ნუცას სიმღერა რომ მოვასმენინე, მოკვდა ტირილით. ვერ მოვასულიერე, ისეთ დღეში ჩავარდა.

როგორ ფიქრობ, ასეთი ტექსტის გამო, ხომ არ არის უფროსი ასაკის მსმენელისთვის?

სიყვარულს ასაკი არ აქვს. აქ ისეთ ამბავზეა ლაპარაკი, რომ შეიძლება, 15 წლის შეყვარებულები დაშორდნენ და 5 წლის შემდეგ შეიყარონ და გაუზიარონ ერთმანეთს ემოციები…

ფართო აუდიტორია როდის იხილავს კლიპს?

კვირას, „იმედის დროში“.

ნუცა შანშიაშვილი:

უსაზღვროდ გახარებული ვარ, ეს არის საერთაშორისო პროდუქტი, მთელი მსოფლიოსთვის. ნიუ-იორკში ვაპირებთ პრემიერას, ჩემი პროდიუსერი მეუღლე გეგმავს. ჩემი მიზანი იყო, რომ ყოფილიყო ნიჭიერი, ლამაზი, ქარიზმატული კომპოზიტორის ნამუშევარი და ჩემი ინიციატივით ვთხოვე ანრის სიმღერის დაწერა.

თავად სიმღერაზე შემიძლია გითხრათ, რომ გადმოცემულია ორი ადამიანის ურთიერთობა, ცრემლები, დაშორება, ურთიერთარგაგება და ბოლოს იმის ყვირილი – მაჩუქე ფრთები…

ფოტოები: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები