LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ბავშვობისდროინდელი სათამაშოები მოზრდილ ასაკში უშვილობის მიზეზი

რეპროდუქციული სისტემის დაქვეითება, თირკმელების ფუნქციონირების დარღვევა, უარეს შემთხვევაში კი უშვილობა – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რასაც ნივთიერება „ფტალატის“ გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს. ეს ნივთიერება პლასტმასის დასარბილებლად გამოიყენება და სათამაშოების ნაწილში სწორედ გადაჭარბებული ოდენობით გვხვდება.

მოკვლევის შედეგად საცდელად შერჩეული 44 სათამაშოდან 21-ში სწორედ „ფტალატის“ მოჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინეს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში“.

როგორც ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ, „ფორტუნასთან“ აღნიშნა, საკვლევად შერჩეული 44 სათამაშო თბილისის 15 მაღაზიასა და აფთიაქში შეიძინეს. დასაკვირვებლად შეირჩა თოჯინები, ჩვილი ბავშვისთვის განკუთვნილი ღრძილების მასაჟორები, აბაზანისა და იარაღის ტიპის სათამაშოები. უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული სათამაშოები არ იქნა შეძენილი ბაზრობიდან. 

იმის დასადგენად, მოჭარბებული რაოდენობით იყო თუ არა სათამაშოებში ნივთიერება „ფტალატი“, კვლევა რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრის პერიოდი მოიცვა. ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება სწრაფ, უარყოფით შედეგს არ იძლევა, რთულია, მომავალში არსებული პათოლოგიები კონკრეტული სათამაშოს მოხმარებას „დაბრალდეს“, მშობელს კი არც ფინანსური და არც ლაბორატორიული შესაძლებლობა აქვს, შვილისთვის შეძენილი თითოეული სათამაშო გადაამოწმოს, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

როგორც ვახტანგ კობალაძე განმარტავს, საზოგადოებაში მოარული ხმების მიხედვით, ბევრი სათამაშო ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

„სწორედ ამის დასადგენად ჩავატარეთ აღნიშნული კვლევა. იმ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო არ აკონტროლებს ამ სფეროს ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროს და პროდუქციის უსაფრთხოებას, თავისთავად ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სერიოზულ საფრთხეებთან გვაქვს საქმე,“ – განმარტავს კობალაძე.

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორის თქმით, ევროკავშირის ბაზარზე გახშირდა „ფტალატის“ დიდი ოდენობით შემცველი სათამაშოების წარმოება-გაყიდვა, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სათამაშოების შემომტანი ბიზნესოპერატორების და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის კონტროლი. 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ არაუგვიანეს 2019 წლისა, მიღებულ უნდა იქნას ევროკავშირის დირექტივის შესაბამისი კანონმდებლობა, რის შემდეგაც მიღებული ნორმატიული აქტების საფუძველზე, უნდა დაიწყოს სათამაშოების და ბიზნესოპერატორების კონტროლი.

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, განცხადებით, ქვეყანაში დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფოს რეგულაციების შემუშავებამდე მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ არის.

„სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებული კამპანია ორი მიმართულებით მუშაობს: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და მეორე – არანაირი რეგულაცია არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას, რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, სახელმწიფომ დროულად განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები, რომ ასეთი რეგულაციები არსებობდეს. სახელმწიფოს ვადა 2019 წლამდე აქვს. 2019 წელს უნდა იყოს მზად ყველანაირი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა. იმედი მაქვს, დირექტივას მომზადებული შევხვდებით,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა. 

ვახტანგ კობალაძის თქმით, ევროპაში გატარებული რეგულაციის ძირითადი აზრი ისაა, რომ შესწავლილია შემდეგი: ნივთიერება „ფტალატი“ ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის მავნე და ამის თაობაზე განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, ჩატარდა კვლევები, რომლის შედეგების საფუძველზე ევროპაში ამ ნივთიერების მაღალი შემცველობის სათამაშოების გაყიდვის მინიმალური ზღვარია დაწესებული.

ამ საქმეში პოზიტიური ისაა, რომ საკვლევად შერჩეული ჩვილი ბავშვის ღრძილის მასაჟორებიდან არცერთში აღმოჩნდა ფტალატის საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი. ყველა ასეთი მასაჟორი შეძენლია თბილისის აფთიაქებში, შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მხრივ, სააფთიაქო სისტემა დადგენილ ნორმებს იცავს.

 

თათია კაკიაშვილი