LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშენდება თუ არა ხუდონჰესი? – ისტორია მეორდება

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ხუდონჰესი უდიდესი პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოიზიდავს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

ხელისუფლება ამბობს, რომ პროექტი აუცილებლად შედგება, ინვესტორები კი მოალაპრაკებების შეჩერებაზე ლაპარაკობენ.

აშენდება თუ არა ხუდონჰესი – ეს საკითხი მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც “ტრანს ელექტრიკას” ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ, “სპუტნიკთან” საუბარში განაცხადა, რომ პროექტი შეჩერებულია.

მის ინტერვიუს გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. ის ირწმუნება, რომ სამეგრელო–ზემო სვანეთში, ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ხუდონჰესი მომგებიანი პროექტია.

კომპანია “ტრანს ელექტრიკას” ტექნიკურმა დირექტორმა, დავით მირცხულავამ “სპუტნიკ საქართველოსთან” საუბარში განაცხადა, რომ ხუდონჰესის მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერებულია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მიმდინარე წელს განხორციელდება. მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეჩერებულია ხელისუფლებასა და ინვესტორს შორის.

2011 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობამ და კომპანია “ტრანს ელექტრიკამ” ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოში ზამთარში საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავებას ეხება, ხოლო ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.

”მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი გახდება ცნობილი. აშენებით აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ენერგეტიკულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. შესაბამისად, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა კალაძემ.

 

პროექტის შესახებ

საქართველოში ხუდონის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არის პირველი პროექტი, რომელსაც კომპანია “ტრანს ელექტრიკა” რეგიონში ახორციელებს.

ხუდონ ჰესის პროექტი მდებარეობს მდინარე ენგურის ზედა ნაწილში ენგურის ჰიდრო ელექტროსადგურის კაშხლიდან 34 კმ დაშორებით. პროექტი მოიცავს თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას, დადგმული სიმძლავრეა 702 მვტ, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავებით 1,5 მლრდ. კვტ/სთ.

ხუდონჰესის პროექტი დღემდე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უდიდეს დაგეგმილ კერძო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს, ჯამური ინვესტიციის ოდენობით: 1,2 მილიარდ აშშ დოლარი.

პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. მათ პარლამენტთან არაერთი აქცია გამართეს.

 

 

 

მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

არსებობს მოსაზრება, რომ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, მიწისქვეშა ბიძგების, დივერსიის ან ტერორისტული აქტის შედეგად კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყლის მასა შეუერთდება ჯვრის წყალსაცავს. არსებობს რისკი რომ ენგურჰესის კაშხალი ვერ გაუძლებს ამ რაოდენობის წყლის წნევას, გაირღვევა და 1600 მლნ. მ³ წყალი გამონთავისუფლდება, წყლის ეს რაოდენობა საფრთხეს უქმნის დასავლეთ საქართველოს და თურქეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილს.

ამასთან, ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ხუდონჰესი შეცვლის ჰავას რეგიონში, ტენიანობის მომატების შედეგად კი განადგურდება მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლი – უშგულში მდებარე სვანური ციხე–სახლები და კოშკები. ასევე შესაძლოა ეკოციდის საფრთხის ქვეშაც აღმოჩნდეს ქვეყანა, წყლით დაიფარება 1536 ჰექტარი მიწა, საიდანაც 1100 ჰექტარი ტყეა.

ხუდონჰესის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ჰესს არ შეუძლია საქართველოს ენერგობალანსის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ზამთრის მშრალ თვეებში, როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა პიკს აღწევს სეზონურობის გამო.

 

ისტორია – პროექტის იდეა XX საუკუნეში გაჩნდა

ხუდონჰესის მშენებლობის იდეა XX საუკუნის 70–იანი წლებიდან გაჩნდა. სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ეროვნული მოძრაობის, სტუდენტების პროტესტის და ადგილობრივი მცხოვრებთა ძალისხმევით პროექტი შეჩერდა.

ხუდონჰესის აშენების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა 2000-იან წლებში. 2007 წლის ივნისში გაფორმდა საწყისი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ინდურ კომპანია Continental Energy International-ს (რომელმაც შემდგომ შეიცვალა სახელი და გახდა შპს „ტრანს-ელექტრიკა“) შორის. ტრანს-ელექტრიკამ მშენებლობის უფლება 2011 წელს მოიპოვა. კომპანიას 1536 ჰექტარი მიწა 1 ამერიკულ დოლარად გადაეცა. მას შემდეგ მიმდინარეობს ცხარე დებატები მიღებული სარგებლისა და გამოწვეული დანახარჯების შესახებ.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები