LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 140 მლნ დოლარის გრანტი გამოგვიყო

41

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ხელმძღვანელს, ჯონათან ნეშს შეხვდა. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობაზე საქართველოში. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული კორპორაცია უწევს საქართველოს მთავრობას ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით პრიორიტეტული – განათლების რეფორმის მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელობას გაწეული მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოს 140 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო, რომელიც განათლების სფეროს განვითარებისთვისაა განკუთვნილი. გრანტის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება. აგრეთვე, ადგილობრივი ეკონომიკისთვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა და მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM).

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა იმ გარემოება, რომ კორპორაციასთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტის მიხედვით, საქართველოში შესაძლებელია ამერიკული განათლების მიღება. საუბარია სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების საქართველოში დანერგვაზე, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი საქართველოში იღებს იმავე მაღალი ხარისხის ცოდნას, როგორც მიიღებდა სან-დიეგოს უნივერსიტეტში, თუმცა ბევრად ნაკლებ ფასად.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის სამომავლოდ გაგრძელდება და უფრო მეტად ნაყოფიერი და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები