LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ ცქვიტინიძე: „ჩემი მეუღლე ჩემი მუდმივი მუზაა”

703

 

„ჩემი მეუღლე ჩემი მუდმივი მუზაა. შთაგონების წყარო კი შეიძლება მოგზაურობა გახდეს, ან რაღაც მარტივი ნივთების ერთობლიობა, რომელიმე ქვეყნის დიდ ბაზარში დაიბადოს რაღაც იდეა“

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი დასრულდა. ქართველმა დიზაინერებმა 2016/2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები „რუმს თბილისში“ წარადგინეს, თუმცა ქართველ დიზაინერთა შორის ჩვენი რესპონდენტი არ არის. მასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ. ავთანდილ ცქვიტინიძის კოლექცია არა თბილისის, არამედ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე მაისში იქნება წარმოდგენილი. როგორია დიზაინერის 2016 წლის კოლექცია და რა რჩევები მისცა მან მოდურ ქალბატონებს, ამის შესახებ მკითხველი ინტერვიუდან შეიტყობს.

avtandil1რატომ მერსედეს ბენცის მოდის კვირეული:

სოფო ჭყონიამ შემოგვთავაზა ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარგვედგინა. ჩვენი ბიზნესის, სარეკლამო კომპანიისა და მსოფლიო ბაზრისთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს მოდის კვირეული აკეთებს. მთელს მსოფლიოში ტარდება,  ჩვენც კარგი გამოხმაურება გვაქვს. კეთდება უდიდესი სარეკლამო კომპანია,  სტუმრებისა და პრესის სახით. ასეთი ტიპის ქვეყნები, როგორიც საქართველოა საერთაშორისო პრესაში მარტივად ვერ ხვდება. მე უკვე ოცი წელია ამ ბაზარზე ვარ და დამოუკიდებლად ვმუშაობდი საერთაშორისო პრესაზე. პარიზში სააგენტო გვყავდა აყვანილი და ის  შედეგები ნამდვილად არ მქონია, რაც ახლა მაქვს მერსედეს ბენცის კვირეულისგან. როდესაც შენზე მსოფლიოს წამყვანი გამოცემები საოცარ რეცენზიებს წერენ, მაგალითად ამერიკული „ვოგი“, რომლის პირველ გვერდზე რამდენიმე ხარ, ეს ყველაფერი მსოფლიო ბაზარზე მეხმარება. ჩვენ უკვე ცალკე შოუ რუმიც ავიღეთ, რადგან ბრენდს სამი ხაზი აქვს. ეს არის AVTANDIL 73, რომელიც მორგებულია მასმარკეტს. მეორე არის „ავთანდილ ლუქსი“, რომელშიც გამოსასვლელი კაბების ხაზია და თავის ბაზარი უკვე დაიპყრო პარიზიდან და ეს კონცეპტუალური ხაზი, რომელსაც სჭირდება პრესა და პიარი. ის ადამიანები, რომლებიც ამას აშუქებენ და ის სტუმრები, რომლებიც ჩამოდიან, ჩვენი ბიზნეს განხრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიმაჩნია, რომ თბილისის მოდის კვირეულზე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი. თბილისის მოდის კვირეულს პირველი დღიდან გვერდზე ვედექი და ახლაც, თუ შემიძლია რამე წვლილი შევიტანო ქართული მოდის განვითარებაში, მე მზად ვარ. ეს კვირეული კარგი ასპარეზია ახალი დიზაინერებისთვის. ახალი თაობა წამოვიდა, რომელთა სახელებსაც ქმნიან.

ჩვენი ბრენდისთვის ეტაპობრივი განვითარება აუცილებელია. რაიმე პრინციპული გადაწყვეტილება თუ რომელი მოდის კვირეული მომწონს თუ არ მომწონს, ასეთი რამ არ ყოფილა. უბრალოდ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე მოგვცა ის პირობები, რითაც ჩვენ ძალიან დავინტერესდით და რამაც, ძალიან გაამართლა.

avtandil22016/2017 შემოდგომა-ზამთრის „ავთანდილის“ კოლექცია

ამ კოლექციას მერსედეს ბენცის მოდის კვირეულისთვის ვამზადებთ, რომლის პატარა ბლოკი უკვე პარიზის შოურუმში „კუბში“ წარვადგინეთ. კოლექციით იაპონური ბაზარი დაინტერესდა, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. შეკვეთები ასევე შანხაის მხრიდანაც ავიღეთ, რაც ჩემთვის ესეც  ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შოუ რუმი მერსედეს ბენცის დამსახურებით გაკეთდა.

კოლექცია თანამედროვე ტექნოლოგიებით არის შექმნილი. ლაზერები, თანამედროვე ტექნოლოგიების პრინტები, ქსოვილები ბოლო ტექნოლოგიით არის შექმნილი. მის დამუშავებებში არის სიახლე.

წელს საკმაოდ თამამი ქალბატონი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ძალიან უყვარს მოდის ინდუსტრია. მზად არის რისკისთვის, ატაროს ისეთი ტიპის სამოსი, რაშიც რადიკალურად განსხვავებული და შესამჩნევი იქნება. საკმაოდ პრეტენზიული ქალი იქნება. უკვე მესამე სეზონია, ამ ხაზის პრეტენზია არის ის, რომ იყოს განსხვავებული, ძლიერი და თვითონ მართავდეს მოდას.

ფერთა ტონალობა არ არის შეჩერებული ერთ კონკრეტულზე, არის ლურჯისა და შავის გრადაცია, წითლის, ნაცრისფრის, ისევ და ისევ კოლექცია ძალიან მრავალფეროვანი იქნება.  წვრილმან დეტალებს უკვე სიურპრიზად შევინახავთ.

avtandil3მუდმივი მუზა – ცვალებადი შთაგონების წყარო

ჩემი მეუღლე ჩემი მუდმივი მუზაა. შთაგონების წყარო კი შეიძლება მოგზაურობა გახდეს, ან რაღაც მარტივი ნივთების ერთობლიობა, რომელიმე ქვეყნის დიდ ბაზარში დაიბადოს რაღაც იდეა. ბაღში სეირნობისას მოგივიდეს ფერთა გამის იდეა. შეიძლება მუშაობის დროს დაიყაროს ნივთები ისე, რომ ახალი იდეა გაჩნდეს. ხელოვანი ადამიანისთვის რთულია დაასახელოს კონკრეტულად საიდან რა მოდის. შეიძლება აღარც კი გახსოვდეს საიდან წამოვიდა და უბრალოდ მიჰყევი რაღაც იდეას. შეიძლება კლიენტი ისეთი ჩაცმული მოვიდეს, რომ იქიდან ააწყო რაღაც და მოგინდეს ასეთი ტიპის ქალის კოლექციის შექმნა.

მუზა მუდვივია, რომლისთვისაც სპეციალურად იქმნება კოლექციები. ინდივიდია, სამსახურიც ისეთი აქვს, რომ კლასიკურ ფარგლებში უნდა იყოს. მუდმივად ერთნაირ ქალს ვერ ვთავაზობთ, განსაკუთრებით მასმარკეტში.

სასურველი ბრენდები „ავთანდილის“ გარდა

ხათუნაც და ჩემი შვილის ბრენდებთა კომბინაციებს ანიჭებენ უპირატესობას. განსაკუთრებულად რომელიმე დიზაინერების მიმდევრები არ ვართ. ჩემს გარდერობში Maison Margiela-ს და Yohji Yamamoto-ს სამოსია, რაც ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოს არის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ამ ბრენდების მუდმივი მომხმარებელი ვარ. გააჩნია რომელ სეზონზე რა აქვს წარმოდგენილი. შეიძლება მხოლოდ H&M-ის მაისური და „ავთანდილის“ სპორტული შარვალი  ვატარო, რომელსაც უცნობი დიზაინერის ან „ავთანდილის“ ქურთუკს შევუხამებ.

avtandil42016 წლის საგაზაფხულო  ტრენდული სამოსი, აქსესუარები და ფერები

მოდურია დავარდნილი ქსოვილისგან შექმნილი ქალური კაბები, რომლებიც შეხამებულია სპორტულ ფეხსაცმელებთან ან ლოფერებთან. რაც პრაქტიკულიც არის და ამავდროულად ჰაეროვანს ხდის ქალბატონს. ამ სეზონზე ჯინსის ქსოვილმა სერიოზული დატვირთვა მიიღო. წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ქურთუკების, ჟილეტებისა და შარვლების სახით, რომლებიც არ ასოცირდება ჩვეულებრივ ჯინსთან. სხვადასხვა ხარშვის ტექნოლოგიით არის გაკეთებული. უფრო საინტერესოს ხდის და ფაქტობრივად სავალდებულოს ხდის, ამ თავისუფალ კაბას სპორტულ ფეხსაცმლებთან ერთად  შეუხამონ ჯინსის ქურთუკები და ჟილეტები. ასევე, მოდურია დიდ პრინტიანი დიდი ზომის მაისურები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან პრაქტიკულია.

ძალიან აქტუალური გახდა თეთრი, წითელი, ცისფერისა და მოყავისფრო ბეჟის დამოკიდებულება ერთმანეთთან. გოგონებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია რომ იყვნენ განსხვავებულები, ჩვენს მაღაზიაში ყოველთვის მოძებნიან ისეთ ნივთებს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი და განსხვავებული იქნება.

რაც შეეხება აქსესუარებს, წელს მოდურია დიდი საყურეები, დიდი გულსაკიდები. ჩვენი აქსესუარები ინფანტას და ოლეგის ჯარისკაცის თემატიკით გავაკეთეთ, თავიდან გაქექილ ჯინსებთან ერთად წარმოვადგინეთ, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. იმიჯს რადიკალურად ცვლის. იუმორიც არის, ხელოვნების ნაწილიც და ამავე დროს ჯინსისგან არის გაკეთებული, ახლოს არის მყიდველთან და უნდა რაღაც ისტორია იდოს ამ ნივთებში. ზოგადად, აქსესუარებმა ამ ტიპის დატვირთვა მიიღო. თუ ძალიან ნაზი და სადა ტანსაცმელი გვაცვია, ერთი ან ორი აქცენტი აქსესუარზე უნდა იყოს, რომელიც თავის თავზე მეტყველებს. მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ადამიანებს ასე უყვართ ხელოვნების ამ ტიპის ნიმუშები.  

avtandil5ტრენდი – მოდური წესი თუ თავისუფალი არჩევანი მოდური ქალბატონისთვის

მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები მოდურ წესებს. ქალბატონი არის ხასიათის ადამიანი, ის ყოველთვის ანგრევს გარკვეულ წესებს.  არასდროს არ ემორჩილება მას, რადგან შინაგანი პროტესტი აქვს. ყველა ადამიანს, რომელსაც გემოვნება აქვს, ყოველთვის იცის, რა არის მისი. როდესაც წესებს ადგენ, ამ წესებით ცხოვრება ძალიან რთულია. ყოველთვის სხვადასხვა ხასიათზე ხარ, იქნებ დღეს არ გინდა თავისუფალი გაშლილი კაბა გეცვას, პირიქით გამოყვანილი გინდა. ამის აკრძალვები და დაშვებები არასდროს არ უნდა იყოს. თვითონ ინდივიდუალური ქალი ქმნის იმ სილუეტს და  ცხოვრების წესს. იმას იღებს მოდისგან, რაც მისთვის კომფორტული და მისაღებია. მოდა ჩარჩოებს არ გვიქმნის. თუ არ მოგვწონს ბოლო ტენდენციები, დიდი ზომის სამოსი მაგალითად, არ არის აუცილებელი რომ ატარო.  თუ სამოსში არ ხარ კომფორტულად და იკარგები, შენ არავინ შენიშვნას არ მოგცემს რატომ არ გაცვია ათი ზომით დიდი ტანსაცმელიო. შენ გინდა რომ გამოყვანილი სამოსი გეცვას, რომელშიც წარმოაჩენ ლამაზ სხეულს, ე.ი. შენ ინდივიდუალური ხარ და გაქვს ამის უფლება.

„ავთანდილ 73-ში“ ქალბატონებს ყველანაირ სილუეტებს ვთავაზობთ. ადამიანზე ზეწოლა არ იყოს- აუცილებლად ამას თუ არ ატარებ, შენ არ ხარ მოდურიო!  ხელოვანი ადამიანები ვემსახურებით მოდას, მაგრამ მყიდველი შემდეგ ირჩევს რა არის მისი. რაღაც კონკრეტულ ჩარჩოში ადამიანი არ მოაქციო, იგი აუცილებლად მოძებნის იმ სილუეტებს, როგორიც მას უნდა.

avtandil6ქართველი მოდური ქალბატონების თავისუფალი არჩევანი

როდესაც „ავთანდილი 73-ის“ შექმნა დავიწყეთ, ძალიან გაგვიჭირდა რადიკალურად განსხვავებული სტილის შეთავაზება იმ სეგმენტისთვის, რომელთაც ჩვენ ვემსახურებით. დაახლოებით 7-8 თვეში მარტივად აღიქვეს უკვე ეს კომპანია, სულ სამი წელია ეს ხაზი არსებობს. გვქონდა ის პრინციპი, რომ მანეკენებზე მოგვერგო სამოსი და აგვეწყო ლუქები, ისე როგორსაც ის ვერ ხედავს. შევუხამეთ საკმაოდ პრეტენზიული ნივთები ერთმანეთს და ასე შევთავაზეთ, რამაც ძალიან გაამართლა. ჩვენს მეორე ხაზში სპეციალურად არ ვაკეთებთ მოდელის ლუქბუქებს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თავის თავი აღიქვას ამ სამოსში.  ვაკეთებთ ან ხის მანეკენზე ან უბრალოდ ვალაგებთ აწყობილ ლუქებს. ეს ჩვენი პრინციპია, რომ გარკვეულ სტერეოტიპულ გოგონას არ ეცვას მხოლოდ ეს სამოსი. ყველამ უნდა დაინახოს თავის თავი.

„ავთანდილის“ მუდმივი კლიენტები

მილანის შოურუმიდან დაახლოებით 122 კონცეპტუალური მაღაზიია მთელ მსოფლიოში, პარიზიდან 30. ვერ ვიტყვი რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, რომელშიც „ავთანდილი“ ყველაზე დიდი დოზით არის. ახლა ვმუშაობთ ამერიკის და იაპონიის ბაზარზე, რომ აქცენტი გაკეთდეს, სწორედ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში.

ქართველი კლიენტების ჩამოთვლა გამიჭირდება. ყველაზე დიდი გამოხმაურება ბუმბულებიან კაბებს მოჰყვა. როცა ქეთა თოფურისა და ლელა წურწუმიას ეცვათ. სხვადასხვა თაობიდან ეს ორი ადამიანია, რომლებიც ყურადღების ცენტრში მოხვდნენ.

ტატა ნაკანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები