LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ: როგორ მივიდა თბილისი საბჭოთა ავტობუსებიდან MAN–მდე?

Next station is…

ავტობუსებში, შესაძლოა გაჩერებების გამოცხადება დაიწყონ.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ საკითხზე ტექნიკური ჯგუფი შიდა სამუშაოებს აწარმოებს.

მათი ინფორმაციით, გაჩერებების გამოცხადების შესაძლებლობა ტექნიკურად, MAN–ის ახალ ავტობუსებს აქვს.

როდიდან დაინერგება სერვისი, ჯერჯერობით, უცნობია.

„ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რა პერიოდში განხორციელდება ეს მომსახურება, ან რომელ ავტობუსებში… თუმცა, ამის სურვილი გვაქვს და მუშაობა მიმდინარებს“, – განაცხადა სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლელა სეთურიძემ „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს გაჩერებების გამოცხადება, რამდენენოვანი უნდა იყოს ეს სერვისი და ა.შ. (აღსანიშნავია, რომ მეტროში გაჩერებების გამოცხადება 2 ენაზე: ინგლისურად და ქართულად ხდება.)

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თუ სერვისი მოთხოვნადი იქნება და საზოგადოებისგან დადებით შეფასებას მიიღებს, ის ძველ ავტობუსებშიც ამოქმედდება.

კომპანია განმარტავს, რომ გაჩერებების გამოცხადება უფრო მოსახერხებელს გახიდს მხედველობადაქვეითებული და უსინათლო ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას. ავტობუსებში გაჩერებების გამოცადება მგზავრობას ტურისტებსაც გაუადვილებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეტი კომფორტისთვის, მერიის სატრანსპორტო სამსახური რუკების შედგენაზეც მუშაობს.

ავტობუსების მიმართულებებისა და გაჩერებების რუკები, შესაძლოა, სულ მალე მოსაცდელ ადგილებში განთავსდეს.

 

 

როგორ მივიდა თბილისი ლურჯ ავტობუსებამდე?

 

1933 წელს თბილისის საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემას ავტობუსი დაემატა. მიუხედავად   იმისა, რომ საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა  და მისი სიგრძე   დაახლოებით 10 კილომეტრი იყო.

 

პირველივე წელს მგზავრთა რაოდენობამ  1 200 000-ს მიაღწია. მომდევნო წლებში ქსელის სრულყოფასთან ერთად იზრდებოდა მგზავრთა რაოდენობაც – 1970 წელს მათთმა რიცხვმა 125 მილიონს გადააჭარბა, მომდევნო ათ წელიწადში კი თითქმის 100 მილიონით გაიზარდა.

ამ ყველაფრის მიზეზი კი დინამიურად მზარდი თბილისის მოსახლეობა და ფართობი იყო. თუ 1933 წელს თბილისის მოსახლეობა მხოლოდ 314 000 ადამიანს შეადგენდა 1980 წელს მათმა  რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა.

 

5–დან 604 ავტობუსამდე

ახლა თბილისში, ოფიციალური მონაცემებით, ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და  ქალაქში 604 ავტობუსი გადაადგილდება. თუმცა ეს დედაქალაქისთვის საკმარისი არ არის.

წელს, თბილისის მერიამ თბილისში MAN-ის ფირმის 143 ახალი ავტობუსი შემოიყვანა, რომლებიც ქალაქში ეტაპობრივად გამოჩნდება. ისინი რამდენიმე მიმართულებით მარშრუტებს უკვე ასრულებენ.

ასევე მიმდინარეობს მგზავრობის სისტემის ეტაპობრივი გაუმჯობესება. 2012 წელს დასრულდა ავტობუსის გაჩერებებზე თანამედროვე სტანდარტების ელექტრო ტაბლოების დამონტაჟება, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ზუსტად განსაზღვროს სასურველი მარშრუტის მოსვლის დრო და დროულად გადაადგილდეს.~ასევე, ტელეფონის მეშვეობით, სახლიდან არის შესაძლებელი იმის გაგება, თუ როდის მივა კონკრეტულ გაჩერებაზე ავტობუსი.

წინსვლისა და გაუმჯობესების მიუხედავად, ავტობუსი თბილისში, კომფორტულ გადაადგილების საშუალებად მაინც არ ითვლება: არასაკმარისი რაოდენობის, მიმართულებისა და გაუმართაობის გამო.

ასე რომ, წინ კიდევ ბევრი გაჩერება გველის.

ასევე, ნახეთ “ფორტუნას” სტატია: ჩაანაცვლებს თუ არა ახალი MAN-ის ავტობუსები სამარშუტო ტაქსებს?

თამთა უთურგაშვილი