LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი შემუშავდა

73

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავების პროცესში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის ყველა კომპეტენტურ მხარესთან ითანამშრომლოს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად, სამინისტრომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა.

სამინისტროს განცხადებით, სტრატეგია 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებას ემყარება და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები (ქიმიური წამლობა).

უწყების ცნობითვე, მავნებლის განადგურების მეთოდების შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერები აქტიურად იმუშავებენ. ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავების მიზნით, სამეცნიერო წრეებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები სამინისტროსთან არსებული სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფის ფორმატში.

„ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს მეცნიერების მიერ მოწოდებული კომპეტენტური წინადადებები და მოსაზრებები. ([email protected]). დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაგრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებასა და ღონისძიებების დაგეგმვაში“, – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები