LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის პლაჟზე წელს ფიქსირებული ფასები იქნება – კურორტი სეზონისთვის ემზადება

ბათუმი ტურისტების დასახვედრად ემზადება. წლევანდელ სეზონზე ბათუმის ბულვარს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა ექნება, ერთიან სტილში მოეწყობა განახლებული საშხაპეები, გასახდელები,  შეზლონგები და პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკები. ეს ყველაფერი კი შმმ პირებზე იქნება ადაპტირებული.

საოცრებათა მოედნიდან “აკვაპარკის” ჩათვლით სულ 29 საპლაჟო სექტორი მოეწყობა.

 

წესრიგი და რეგულაციები ბათუმის პლაჟებზე

როგორც „ფორტუნას“ ბულვარის პრესსამსახურში განუცხადეს, საპლაჟო სექტორების მოწყობაზე აუქციონი უკვე დასრულებულია. გამარჯვებული პირები სანაპირო ზოლზე შეზლონგების განთავსებას უზრუნველყოფენ და ტერიტორიას დაასუფთავებენ, ხოლო რაც შეეხება პლაჟზე გასახდელებისა და ინფრასტრუქტურის მონტაჟს, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„იმისთვის რომ პლაჟები უფრო მეტად ყოფილიყო მოწესრიგებული, შევიმუშავეთ რეგულაციები, რომლებსაც აუქციონში გამარჯვებული კომპანიები დაიცავენ. შეზლონგები პლაჟზე თანაბრად იქნება განლაგებული, ასევე შეზლონგების ზოლი ზღვის დონიდან 10 მეტრით იქნება დაშორებული. სწორ რიგებად იქნება განთავსებული შეზლონგები პლაჟზე, რაც ლამაზიც იქნება და უფრო მეტი ხალხის განთავსებასაც უზრუნველყოფს“, – განაცხადეს „ფორტუნასთან“ ბულვარის პრესსამსახურში.

 

ფიქსირებული ფასები

რაც შეეხება ფასებს, შეზლონგისა და ქოლგის ღირებულება ბათუმში წელს ფიქსირებული იქნება – 3+1 ლარი. ფასები მთელ დღეზეა გაწერილი და გადასახადის ეს ზღვარი კომპანიებს, რომლებიც სექტორების მოწყობას უზრუნველყოფენ, ხელშეკრულებაშით აქვთ გათვალისწინებული.

პლაჟზე საინფორმაციო ბანერები სამ ენაზე იქნება განთავსებული, სადაც ინფორმაცია ფასების შესახებაც იქნება.

„უფასო იქნება პლაჟი მათთვის, ვისაც შეზლონგი და ქოლგა არ სჭირდება. ეს ფასები ხეკშეჯრულებაში ჩაიდო იმისთვის, რომ შარშანდელი მაღალი ფასები დაგვესტაბილურებინა. წელს ხელშეკრულებით ეს ფასები 2-ჯერ შევამცირეთ“, “, – განაცხადეს ბულვარის პრესსამსახურში.

პლაჟებზე გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობა 25 მაისიდან დაიწყება. საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა 1 ივნისისთვის უნდა დასრულდეს.

 

 

ბულვარში მიმდინარე სამუშაოები

ბათუმის ბულვარში სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. დაზიანებული ასფალტის საფარის ნაცვლად სულ მალე, ბათუმის ბულვარს ახალი ფილაქნებით, საკანალიზაციო სისტემითა და ბორდიურებით მოწყობილი რამდენიმე ხეივანი შეემატება.

აჭარაში ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე, უახლოეს მომავალში არდაგანის ტბის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს.

თამთა უთურგაშვილი