LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგია 6:31 საქართველო – მიმოხილვა

62

2017 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ გამარჯვებით დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მნიშვნელოვნად გადახალისდა, ბელგიას ბრიუსელში 4 უპასუხო ლელო მაინც დაუდო და 31:6 დაამარცხა.

ამ სეზონიდან “რაგბი ევროპაზე” პრემიის დარიცხვის წესი შეიცვალა – მას მეტოქეზე სამით მეტი ლელოს დამდები გუნდი იღებს. შესაბამისად, ჩვენი ნაკრები გახდა პირველი, ვინც ეს შეძლო, და ტიტულის შენარჩუნებისკენ პირველი ნაბიჯიც გადადგა.

ბელგიასთან „ბორჯღალოსანთა“ სასტარტო 15-ეულში 6 ისეთი მორაგბე იყო, ვისაც 10 კეპიც კი არ მოეხვეჭა. მარქაფაშიც იჯდა ერთი ასეთი, იქვე მყოფ კიდევ ოთხს კი ბრიუსელში დებიუტი ჰქონდა. რადგან შეცვლაზე ოთხივე შევიდა, პირველი კეპები მოიხვეჭეს თორნიკე მატარაძემ, სოსო ბეკოშვილმა, გიორგი ცუცქირიძემ და გიორგი ჭყოიძემ. ამით „ბორჯღალოსანი ამქრის“ წევრთა ოდენობა 245 გახდა.
თოვლიან ეიზელზე

თამაში თოვლში, ატალახებულ მოედანზე გაიმართა. ამან სანახაობრივ მხარეს დაღი დაასვა. ბევრი იყო ტექნიკური წუნი, ჯარიმა და პაუზა. მეტოქე 4 წლის წინანდელის მსგავსად, არა-რაგბული მეთოდებით შეეცადა სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ ჩვენმა გამოცდილებმა ახალბედები დაამშვიდეს – ჩხუბი და სასჯელი თავიდან აირიდეს.

რადგან ტემპი დაბალი იყო, გადამწყვეტი სიტყვა შერკინებამ თქვა. პირველ ტაიმში თამაში მხოლოდ მეტოქის ნახევარზე მიდიოდა. ლელოს მალე გატანა რომ ვერ მოხერხდა, ანგარიში მე-12 წუთზე ჯარიმით გახსნა მერაბ კვირიკაშვილმა 3:0

ბორჯღალოსნებმა თამაშის გაშლა სცადეს. ჯერ გიორგი თხილაიშვილი მიჰყვა ფეხით შეცურებულ ბურთს, მაგრამ მოკლე ლელოში მას ვერ მისწვდა. მერე გიორგი კოშაძემ გაჭრა ხაზი და „წითელ ზონამდეც“ ირბინა, რაქიდან კი გიორგი ბეგაძემ შეუტია უცებ, მაგრამ მიზანს ვერც იგი ეწია.

23-ე წუთზე პირველი ლელო მივითვალეთ: დერეფანს მოლი მოჰყვა და ბურთი თხილაიშვილმა დაამიწა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახა 10:0. შესვენებამდე მეტოქის ლელოს კიდევ სამჯერ მივუახლოვდეთ: ორჯერ იერიში უშედეგოდ დასრულდა, 39-ე წუთზე კი, ლაშა ხმალაძის პასით, კოშაძემ ხაზი გაჭრა და კარიერის პირველი სანაკრებო ლელო ძელებშუა მიითვალა. კვირიკაშვილს გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია – ტაიმი 17:0 დასრულდა.

 


მარქაფა ჩაერთო
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები პირველად და ერთადერთხელ მოუახლოვდნენ ჩვენს ლელოს, მაგრამ წითელ ზოლში თავი კარგად დავიცავით. ბელგიამ გააგრძელა იერიშები და ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა 17:6. მაშინ თამაშში ჩვენი მარქაფა ჩაერთო. დებიუტანტმა ბურჯებმა ვიზავები დაჩაგრეს და საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, კვირიკაშვილმა კი ზუსტად დაარტყა 24:6

ბოლო წუთებზე ბელგიელი ბურჯი მეორე ყვითელი და შესაბამისად – წითელი ბარათითაც დაისაჯა. შერკინებაში მიწოლა რომ აიკრძალა, ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან შეუტიეს მოლით, მისი ჩაქცევის შემდეგ ჯერ ოთარ გიორგაძე მიეძალა, მერე კი ბექა გორგაძე და ლელოს ხაზიც გადაკვეთა. გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა 31:6
მალევე შემოვაბრუნეთ

ნამატჩევს ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა განაცხადა:

“დიდი ბრძოლა გადავიხადეთ. ასეთ ამინდში სწრაფი რაგბის თამაში ვერ გამოგვივიდა, უფრო შერკინებაზე ორიენტირებული რაგბი იყო.

“ცხადია, პირველი ნახევარი მომეწონა – ამ დროს ვდომინირებდით. მეორე ტაიმის დასაწყისში ინიციატივა გარკვეული დროით ხელიდან გავუშვით, მაგრამ მალევე შემოვაბრუნეთ თამაში. მთლიანობაში, შედეგითა და ბონუსის მოპოვებით კმაყოფილი ვარ.

“უკანა-ხაზელებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენი საუკეთესო ოსტატები ბელგიაში არ ჩამოგვიყვანია. 2019 წლის მსოფლიო თასამდე გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ახალბედებს მივეცით. და მაინც, ჩვენი მიზანი „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მოგებაა
რუსთავში – სენსაციის ავტორთან

ჩვენმა შემდეგმა მეტოქემ, გერმანიამ, ფრანკფურტის შემოგარენში, ქალაქ ოფენბახში, რუმინეთს უმასპინძლა და სეზონის პირველი სენსაცია გამოაცხო. 10-ლელოიან მატჩში მასპინძელმა ფორვარდებმა სტუმრები პირ-წმინდად დაჯაბნეს და მოლით გადაუჭრელი პრობლემები შეუქმნეს.

პირველი ტაიმში რუმინეთი 24:6 დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი 4 ქულითღა მოიგო 24:20. მეორეში სტუმრებმა ტემპს უმატეს და ისე ბევრით გაიჭრნენ წინ 38:20, მაგრამ ბოლო 30 წუთში გერმანელებმა მორკინალებით სამი ლელოც გაიტანეს, სამივე გარდასახეს და 41:38 გაიმარჯვეს. ამავე ტურში ესპანეთმა მადრიდში კარს ბლოად აცილა, მაგრამ რუსეთს 16:6 მაინც აჯობა.
საქართველო – გერმანიის მატჩი კვირა დღეს, 19 თებერვალს, რუსთავის სარაგბო სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთები კვირის განმავლობაში გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები