LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრტყელტერფიანობა – არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის შედეგი თუ გენეტიკა?!

ადვილად დაღლა, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, წვივის კუნთების ტკივილი და იშვიათად წელის ტკივილი – თუკი შეამჩნევთ, რომ ეს ჩივილები გაწუხებთ, საქმე, შესაძლოა, ბრტყელტერფიანობასთან გქონდეთ.

ეს შეგრძნებები თანდათან უფრო მკვეთრად  თავს შედარებით მოზრდილ ასაკში იჩენს ხოლმე. თუმცა, როგორც ორთოპედები განმარტავენ, ბრტყელტერფიანობის მკურნალობა პატარა ასაკში უფრო ადვილი და შედეგიანია, ვიდრე მოზრდილებში.

სპეციალისტების თქმით, ბრტყელი ტერფი  ვითარდება იმ კუნთების დამბლის შედეგად, რომელთა მეშვეობით ხდება ტერფის ძვლების მდებარეობის შენარჩუნება. ტრავმატული ბრტყელი ტერფის მიზეზი სხვადასხვა ხასიათის ტრავმაა (მოტეხილობა, მყესების გაგლეჯვა და სხვა), რის შედეგადაც ტერფის ნორმალური მდგომარეობა ირღვევა, მით უმეტეს, როდესაც მოტეხილი ტერფის ძვლები არასწორად ხორცდება. ამ შემთხვევაში სხეულის სიმძიმე ტერფზე ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ არაფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მყოფმა ტერფმა ბრტყელი ფორმა მიიღოს.

ლუკა წიკლაურს ბრტყელტერფიანობის დიაგნოზი ექიმმა რამდენიმე კვირის წინ დაუსვა. როგორც „ფორტუნასთან“ ყვება, იქიდან გამომიდანრე, რომ ადრე პრობლემა არ ჰქონია, ტერფისთვის ყურადღება არასდროს მიუქცევია. თუმცა, ერთ-ერთი ვარჯიშისას, როცა ტერფის ტკივილს მყესის დაჭიმულობაც დაერთო, ლუკამ ორთოპედს მიმართა.

 

„არც ისე აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობდი, მაგრამ ხშირად დავრბოდი, ვვარჯიშობდი, სკოლის ასაკში ფეხბურთს, კალათბურთს, რაგბის ვთამაშობდი. მოგვიანებით ერთ-ერთი გუნდის მორაგბე გავხდი. ვარჯიშისას, სირბილის დროს, დამეწყო ტერფების ტკივილი, რასაც ყურადღება არ მივაქციე და მეგონა, ტკივილი გამოიწვია იმან, რომ მეცვა სავარჯიშოდ არასწორი ფეხსაცმელი, სწორძირიანი კედი. ბოლო შემთხვევა კი ასეთია: ერთი-ორი კვირაა, ვვარჯიშობ, ამისთვის სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი ვიყიდე, ტერფების ტკივილი მაინც რომ დამეწყო, მივედი ექიმთან, რომელმაც ბრტყელტერფიანობის დიაგნოზი დამისვა და მითხრა, რომ სპეციალური, სუპინატორიანი ფეხსაცმელი მჭირდება,“ – ამბობს ლუკა წიკლაური „ფორტუნასთან“.

 

თოდუას კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი კვარცხელია, “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ბრტყელტერფიანობა გავრცელებული დაავადებაა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით კი – მოზარდებში. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ზრდა-განვითარებას და ექიმს საკონსულტაციოდ მიმართონ. კვარაცხელიას თქმით, 3 წლამდე ბრტყელი ტერფის დიაგნოზის დასმა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ამ ასაკში ტერფის კონფიგურაცია ჩამოყალიბებული არ არის.

გიორგი კვარაცხელიას თქმით, ბრტყელტერფიანობის დადგენა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით შეიძლება. საჭიროა ორთოპედთან კონსულტაცია, ტერფის ხარისხის დადგენა, რის შემდეგაც ექიმი პაციენტს მკურნალობის მიმართულებას განუსაზღვრავს.

გიორგი კვარაცხელია: ვინაიდან ტერფი ყველაზე მეტად იტვირთება, ძლიერი ფიზიკური ვარჯიში ან სპორტის აქტიური მიმდევრობა საფრთხილოა ბრტყელი ტერფის მქონე პირთათვის. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ტერფის დეფორმაციამ შესაძლოა, მენჯ-ბარძაყი დააზიანოს. არასწორი დატვირთვისას პაციენტები ხშირად საუბრობენ ფეხის დაჭიმულობაზე. მყესის დაძაბულობაც სწორედ ტერფმრუდობის გამოხატულებაა. პაციენტებმა ტერფს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, ვინაიდან მისი დეფორმაცია ძალიან ბევრ დაზიანებას იწვევს.

 

– ანუ ბრტყელტერფიანებისთვის ფიზიკური ვარჯიში არ შეიძლება?

გიორგი კვარაცხელია: რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმიტომ, რომ ტერფის ნებისმიერი დეფორმაციის შემთვევაში, გვინდა თუ არა, ადამიანის ბიომექანიკა ირღვევა. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს და თუკი ეს უკანასკნელი ვარჯიშის რეკომენდაციას მისცემს, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა დაიტვირთონ ფიზიკურად. კატეგორიულად დაუშვებელია თვითვარჯიში და არ არსებობს სტანდარტული ვარჯიში, რომელიც ყველა პაციენტისთვის ერთნაირად იქნება მორგებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პაციენტმა არასწორი დატვირთვით შესაძლოა, ტერფის დეფორმაცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს.

 – რამდენად სწორია შეხედულება, რომ ბრტყელტერფიანობის დროს მაღალძირიანი ფეხსაცმელი პაციენტებისთვის საუკეთესო საშუალებაა?

გიორგი კვარაცხელია: ეს შეხედულება მითია. მეტსაც გეტყვით – პაციენტებში ფეხსაცმლის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. მაღალძირიანი ფეხსაცმელი აბსოლუტურად არაფერ დადებითს არ მოუტანს ტერფს, პირიქით – დეფორმაციას აღრმავებს.

 

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ბრტყელტერფიანობა ხშირ შემთხვევაში გენეტიკურია და ადრეულ ასაკში (3 წლიდან) სუპინატორის დანიშვნა საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. თანდაყოლილი გართულებული ბრტყელი ტერფის შემთხვევაში კი იშვიათად ოპერაციული მკურნალობაც ინიშნება.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები