LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩირკოლადი” აღარ იწარმოება: ქართული ტკბილეულისთვის ადგილი არ აღმოჩნდა

300

”ჩირკოლადის” სამარკო ნიშნით წარმოებული ქართული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრიდან გაქრა. კომპანიამ, რომელიც რამდენიმე სახეობის ტკბილეულს უშვებდა, წარმოება შეწყვიტა.

როგორც ”ფორტუნას” „ჩირკოლადის“ მწარმოებელი კომპანია შპს ”ბიო-მარგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი არწივიძემ განუცხადა, წარმოების შეწყვეტის მთავარი მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა.

”ჩირკოლადის” ტკბილეული ბევრი მიზეზის გამო ვეღარ იწარმოება. მათ შორის ყველაზე მთავარი ფინანსური პრობლემებია. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს პროდუქტზე ბაზარზე მოთხოვნა არ იყო. პირიქით, მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება დღემდეა. თუმცა, სამწუხაროდ, ”ჩირკოლადისთვის” სარეალიზაციო ქსელებში ადგილი არ აღმოჩნდა. ქართული ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით. დახლებზე სომხური, ირანული, თურქული ტკბილეულია განთავსებული. როდესაც მიდიხარ სხვადასხვა სავაჭრო ქსელში, გეუბნებიან, რომ ადგილი აღარ აქვთ, რადგან მათი დახლები უკვე სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ ტკბილეულს უკავია”, – აღნიშნა არწივიძემ.

მისივე თქმით, ქართულ ტკბილეულს არაკონკურენტულ პირობებში უწევს არსებობა, რადგან ბაზარი იმპორტირებული პროდუქციითაა სავსე.

მიუხედავად ამისა, როგორც გიორგი არწივიძე ამბობს, ”ჩირკოლადის” დაბრუნება ბაზარზე იგეგმება, თუმცა ვადები ჯერჯერობით უცნობია. ”ამ ბიზნესში მთელი ენერგია ჩავდეთ და ბევრი ვიშრომეთ, შევქმენით ბრენდი, რომელიც ყველას მოსწონდა და უყვარდა. ამიტომ, გვინდა წარმოების განახლება, თუმცა, როდის შევძლებთ ამას, არ ვიცი”, – განმარტა ”ჩირკოლადის” მწარმოებელმა.

შეგახსენებთ, ”ჩირკოლადის” საწარმო 2011 წლიდან ფუნქციონირებდა ბაღდათში და რამდენიმე სახეობის ტკბილეულს უშვებდა. კომპანია ახალი ქარხნის აშენებასაც გეგმავდა, ასევე მეზობელ და ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გასვლას, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო წარმოების შეწყვეტა მოუხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები