LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილები 17 მაისის შესახებ -„რადგან მათი მშობლები არ ცხოვრობენ ერთად, მათი ოჯახი წმინდა არ არის“?

221

დღეს 17 მაისია – ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ასევე საქართველოში აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე. დღეს ამ ორი თარიღის აღსანიშნავად სხვადასხვა აქციაზე შეიკრიბნენ. დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ თემაზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.

თამრიკო ჭოხონელიძე:

ყველა დღე, ვფიქრობ, ოჯახის სიწმინდის დღეა. როცა გამორჩეულად აღინიშნება, ძალიან ბრძენმა ადამიანმა გადაწყვიტა. ვერ გეტყვით, რატომ აღინიშნება ეს ორი თარიღი ერთად. შეიძლება იმიტომ, რომ საზოგადოებამ აირჩიოს, რომელი ჯობია. ხალხს მიეცეს კიდევ ერთხელ იმის საშუალება, თავად აგდაწყვიტოს, რა უფრო სწორია და რომელი უნდა იზეიმოს.

თქვენთვის რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულსა და პატივისცემაზე, შეგნებაზე, რასაც ჰქვია პატარა სახელმწიფო, სადაც უნდა აღიზარდონ ღირსეული ადამიანები, ჯანსაღი მომავალი. ჩემთვის ჯანსაღი მომავალი არის ის, რომ ოჯახის თავი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და შემდგომ მათი ჯანსაღი შვილების აღზრდა, მორალურად, ფსიქოლოგიურად, მოქალაქეობრივი შეგნების კუთხით.

ჰომოფობიასთან ბრძოლაზე რას ფიქრობთ?

საერთოდ, ძალადობის წინააღმდეგი ვარ. არანაირი ძალადობა არ ჩაახშობს იმას, რაც უკვე არის აღმოცენებული. დიდი ხანია, არსებობს ეს შეხედულება, ერთია, მიიღებ ამას თუ არა. ერთი მხრივ, ტაბურეტი არ უნდა ჩაგარტყან, მაგრამ მეორე მხრივ, ძალადობაა ისიც, რომ ლგბტ თემმა თავს მოგახვიოს საკუთარი მოსაზრებები. ჩემი შეხედულებაა, რომ არ მინდა, ჩვენი შვილები გაორდნენ და ნახონ, როგორ ხდება ძალადობა ერთ ან მეორე მხარეს. ყველას აქვს უფლება, ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს…

თავს მოხვევაში რას გულისხმობთ?

თუნდაც ძალიან აქტიურ აგიტაციას, მოწოდებებს, რომ ეს კარგია.

მერაბ სეფაშვილი:

ოჯახის სიწმინდის დღე, ვფიქრობ, არა მხოლოდ ერთ დღეს უნდა აღინიშნოს. ჩემთვის ყოველი დღე ოჯახის სიწმინდისაა. ოჯახის სიწმინდე ნიშნავს სიყვარულსა და პატივისცემას ცოლსა და ქმარს შორის.

რაც შეეხება ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, გვახსოვს ის პატარ-პატარა ინციდენტები, რომლებიც ამ თარიღის აღნიშვნას მოჰყვა საქართველოში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნებშიც ასე ხდება, არა მხოლოდ საქართველოში. თუკი ამ თარიღს აღნიშნავენ, მაინცდამაინც რუსთაველზე ნუ ჩაატარებენ აღლუმს და ისე, კი ბატონო…

ნინი ბადურაშვილი:

მე ადამიანების ჩაგვრის მომხრე არ ვარ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. მესმის, რომ ისინი არიან უმცირესობაში და იბრძვიან თავიანთი უფლებების გამო, რა დააშავეს ამ ადამიანებმა. მეორე მხრივ, ძალიან მომწონს ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დააწესა, თუმცა ვისურვებდი, რომ სხვადასხვა დღეს ყოფილიყო. შევუერთდები ყველა აქციას, რომელიც მიმართული იქნება ძალადობის და ადამიანების ჩაგვრის წინააღმდეგ.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა:

ჩემთვის ყოველი დღეა როგორც ოჯახის სიწმინდის, ასევე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე.

ოჯახის სიწმინდე, ზოგადად, პირობითი ნათქვამია. ჩემთვის ეს არის, როცა ორი ადამიანი ნებაყოფლობით ცხოვრობს ერთმანეთთან, სიყვარულითა და პატივისცემით. თუკი შვილებიც ეყოლებათ და ეს უფლის ნებაა, მათზე ზრუნვა, მშობლების მოვლა და დაფასება – ყველაფერი ის, რასაც გულისხმობს ოჯახი.

ქმარმა და ცოლმა ერთმანეთს რომ არ უღალატონ, ესეც ალბათ, მოიაზრება…

ეს, პირველ რიგში, მაგრამ მაშინ ნახევარი საქართველოს ქალები და კაცები უნდა გაწყვიტო (იცინის). მე სხვა რაღაცაზე გავამახვილებდი ყურადღებას – რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც გაშორდნენ მეუღლეებს, მაგრამ უვლიან შვილებს და იცავენ თავიანთ ოჯახებს. მგონი, მათთვის დამაკნინებელია ეს დღესასწაული, ისევე, როგორც მათი შვილებისთვისაც. რადგან მათი მშობლები არ ცხოვრობენ ერთად, მათი ოჯახი წმინდა არ არის?

ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეზე რას იტყვით?

ყველას აქვს თავისი არგუმენტი ამ თემასთან დაკავშირებით. ყველას გვინდა, შევინარჩუნოთ ტრადიციები, პატარა ერი გვაქვს და ვებღაუჭებით ნამდვილ ტრადიციებს, ქელეხებს არ ვგულისხმობ, რაც გვაქვს. ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და სავსებით გასაგებია, რომ გვინდა, ერი გამრავლდეს. არ წავიშალოთ დედამიწიდან ქართველები. ვერც ერთ მხარეს დაადანაშაულებ, რომელიც ოჯახებისთვის და გამრავლებისთვის იბრძვის და ვერც მეორე მხარეს, რომელიც საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის. პირადად მე მათ ცალ-ცალკე მხარედ არ განვიხილავ, ყველა ღმერთის შვილები ვართ და არავის აქვს უფლება, დასკვნები გამოიტანოს ვიღაცის არსებობაზე, ვიღაცის ყოფნა-არყოფნა გადავწყვიტოს. მოდი, ჩვენს თავებს მივხედოთ და თუკი ვინმეს დახმარება შეგვიძლია, დავეხმაროთ, თუ არა – ხელს მაინც ნუ შევუშლით.

ნინო მურღულია

პოპულალურები