მერაბ სეფაშვილს ახლახან 62 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე ვიწრო წრეში აღნიშნა.
fortuna.ge-ს მომღერალი ამ თარიღზე, დეკემბერში დაგეგმილ კონცერტსა და ისრაელისადმი გამორჩეულ დამოკიდებულებაზე ესაუბრა.
გადასარევად გამოიყურებით. შინაგანი შეგრძნებები როგორია?
შინაგანი შეგრძნებები იგივე რჩება, მთავარია, ფიზიკურად როგორ გრძნობ თავს და როგორ განწყობაზე ხარ. 50-სა და 62 წელს შორის დიდი განსხვავება არ არის.
როგორ მოგილოცეს?
უამრავმა ადამიანმა მომილოცა. ავდექი და წავედი სამშობლოში, ყვარელში. იქ დამხვდნენ მეგობრები.
სახლი გაქვთ იქ?
არა, მეგობარმა დამპატიჟა. წამოდი და ერთად ვიყოთო. ძალიან მიყვარს ყვარელში ჩასვლა.
დაბადების დღეზე განსაკუთრებული საჩუქარი ხომ არ მიგიღიათ?
ცოტ-ცოტა იყო და ყველა საჩუქარი სასიამოვნოა.
ყველაზე კარგად რომელი დაბადების დღე გახსოვთ?
არ მიყვარს გრანდიოზული დაბადების დღეების გადახდა. ვიწრო წრეში აღნიშვნა მირჩევნია. დაბადების დღეს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ…
დეკემბერში თქვენი გრანდიოზული კონცერტი იგეგმება. რა მოხდება ამ კონცერტზე? საიუბილეო იქნება?
ეს არ იქნება საიუბილეო. სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს. საინტერესო ამბები მოხდება.
ზაფხულში რომ გქონდათ კონცერტი, იმის გაგრძელება ხომ არ იქნება?
ახალგაზრდებიც იქნებიან ამ კონცერტზე, მაგრამ გაცილებით დიდი მასშტაბის კონცერტს ვგეგმავთ დეკემბერში.
სიახლეებზე რას გვეტყვით?
ბევრი ახალი სიმღერის პრემიერას ვგეგმავ, ახალგაზრდებთან ერთად საინტერესო კოლაბორაციებს. რეპერტუარი განსხვავებული გამოდის, გარდა ჩემი სიმღერებისა, შესრულდება ისეთი სიმღერები, რაც არასდროს მიმღერია. ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს ვგულისხმობ, ჩემი ვერსიებით, მაგალითად, გია ყანჩელის რამდენიმე სიმღერა…
ვიდეორგოლის გადაღებაც ხომ არ იგეგმება?
არა, ამაზე არც მიფიქრია. მხოლოდ მუსიკალურ მხარეზე ვფიქრობთ.
თქვენი და ისრაელის დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თუ ეკონტაქტებით მეგობრებს?
სულ კავშირზე ვარ მათთან. ყველა განიცდის ამ მდგომარეობას. იმედი მაქვს, ეს საგიჟეთი მალე დამთავრდება. არანორმალური სიტუაციაა. ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია, როგორც ხდებოდა ხოლმე ისრაელში. მეც შევსწრებივარ რამდენიმედღიან კონფლიქტებს. თითქოს მიჩვეულებიც არიან, მაგრამ ახლა თავად ძალიან განიცდიან. რაც ახლა მოხდა, ისტორიას რომ გადავხედოთ, ასეთი რამ არ ყოფილა.
თქვენი მეგობრები ხომ არ ჩამოსულან?
არა, ზოგადად, ეს არ არის გამქცევი ხალხი. პატრიოტი ხალხია…
ბოლოს როდის იყავით ისრაელში?
ახლო პერიოდში არ ვყოფილვარ. საახალწლოდ ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ… იმედია, დასრულდება ეს ყველაფერი…
ბევრი მომღერალი უძღვნის ისრაელს სიმღერას. თქვენც ხომ არ აპირებთ?
არა, ჩემი აზრით, სიმღერის დრო არ არის.
ინტერვიუ: ნინო მურღულია