LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიჭერენ თუ არა ქართველ დეპუტატს, რომელსაც არაბეთმა პატიმრობა შეუფარდა

51

 

”პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დეპუტატი გელა მიქაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საპასუხოდ სარჩელის შეტანას გეგმავს.

მიქაძე, რომელსაც გაერთიანებული საამიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, ამბობს, რომ დავის შესახებ ინფორმირებული არ იყო და საქმეც კანონდარღვევით წარიმართა.

 

17 მილიონი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფულის, რაც გელა მიქაძემ მიითვისა

პარალელურად, სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება კომპანია ”რაკია ჯორჯია”, რომლის ყოფილი დირექტორიც გელა მიქაძე გახლდათ და მას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 17.2 მილიონი დოლარი ერთი პატარა ნაწილია იმ თანხიდან, რომელიც გელა მიქაძემ მიითვისა. კომპანიისვე ინფორმაციით, მიქაძემ 2013 წელს საქართველოში ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ აღიარა დანაშაული და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხება გააფორმა. საქმეები ქართველი დეპუტატის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღესაც მიმდინარეობს.
ცილისწამება და გათიშული ტელეფონი

”ფორტუნასთან” საუბრისას პარლამენტის დეპუტატი ”პატრიოტთა ალიანსიდან” გელა მიქაძე, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას ცილისწამებასა და ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, საქმე მის წინააღდმეგ დღესაც მიმდინარეობს და დანაშაულის აღიარებას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ შევეცადეთ დეტალების დაზუსტებასა და მისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას, თუმცა გელა მიქაძემ ეს არ ისურვა და საუბარი შეწყვიტა, შემდეგ ”ფორტუნას” ზარებს არ უპასუხა და ბოლოს კი მობილური ტელეფონიც გათიშა.

 

უკანონო გადაწყვეტილება: სახელმწიფომ თავისი მოქალაქის ინტერესები უნდა დაიცვას

გელა მიქაძის შესახებ დაწყუბული სამართლებრივი დავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ  და ეს საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყვეს მისმა თანაგუნდელებმა. როგორც ”ფორტუნას” გოჩა თევდორაძემ განუცხადა, გაერთიანებულმა საამიროებმა უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანეს და მიქაძე ამ დავის გაგრძელებას აპირებს.

გამოტანილ გადაწყვეტილებას ეჭქვეშ აყენებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც.

”პირადად მე ამ გადაწყვეტილებას აპრიორი დადასტურებულ ფაქტებად არ მივიღებდი და აუცილებლად ეჭქვეშ დავაყენებდი. ჩემთვის საკმარისი არაა ის გადაწყვეტილება, რაც უცხო ქვეყანამ გამოიტანა. არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც შეუძლია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს გამოიყენოს,” – განაცხადა მან.

დეტალებს არ იცნობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი, თუმცა, ამის მიუხედავად აცხადებს, რომ სახელმწიფომ მისი მოქალაქის ინტერესები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვას.

რაც შეეხება იმას, გადასცემს თუ არა ქართული მხარე უცხო ქვეყნას საკუთარ მოქალაქეს, როგორც პროკურატურაში ”ფორტუნას” განუცხადეს,  საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაბამისად, ის გელა მიქაძის ექსტრადირებას უცხო სახელმწიფოში ვერ მოახდენს. ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა მზადაა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დანაშაულთან ბრძოლის კუთხით დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს.

 

დეპუტატ გელა მიქაძისთვის არც უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველი არსებობს. როგორც ”ფორტუნას”  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყეტის ერთ-ერთი საფუძველი არის საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ამ კონკრეტულ საქმეში კი ადგილი აქვს მასობრივი ინფორმაციის საშულებებით გავრცელებულ ინფორმაციას.

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები