LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ”ქართულ ოცნებაში” – დაიშლება თუ არა კოალიცია?

78

გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ  კოალიცია გაერთიანებული ძალებით მივა არჩევნებამდე და მოიგებს ამ არჩევნებს, ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკიმ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირებაზე, საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რა შედეგით დასრულდება პოლიტსაბჭოს სხდომა და დატოვებს თუ არა პარტიას გოგი თოფაძე, ან მრეწველები გავლენ კოალიციიდან, წინასწარ ამის თქმა რთულია.

”მე რომ ამაზე ვისაუბრო, მკითხაობის ფორმაც კი ექნება ამ პროგნოზს. მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირებას რაც ეხება, საკითხის ასე წარმოჩენა არის საფუძვლიანი. საკითხი დგას ასე, რამდენად სწორი იყო ის განცხადებები, რომლებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხებოდა. რესპუბლიკელებსა და სხვა პარტიას არ ვურჩევდი, რაიმე თემის უზურპაცია მოეხდინა და რომელიმე თემაზე თავის თავზე აეღო ან დასავლური კურსი ან რამე თემა” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ პირადი დაპირისპირება მნიშვნელოვნად შეეხო კოალიციის ინტერესებსა და საარჩევნო პოლიტიკას. გია ვოლსკის აზრით, რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირებაში, ეთიკის ნორმები მხოლოდ გოგი თოფაძეს არ დაურღვევია.

”არის საკითხები, რომლებიც ეხება პირად ურთიერთობებსა და ეთიკის ნორმის დარღვევებს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გოგი თოფაძის მხრიდან იყო გაკეთებული. თოფაძე არ არის ის პიროვნება, რომელსაც საქართველოში არ იცნობენ, ან რამე არ აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. ეს პირადი გადაძახილი, ეთიკის ნორმების დარღვევით, მნიშვნელოვნად შეეხო კოალიციის ინტერესებს. ამიტომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიხსნება და იქნება მსჯელობა  შიდა თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც ეხება საკითხს, შესაძლოა თუ არა, რომ კოალიცია 2016 წლის არჩევნებამდე დაიშალოს, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ის, პირველ რიგში, პოლიტსაბჭოს სხდომასა და შეკითხვებზე პასუხებს ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები