დათო გომართელს საახალწლო პერიოდი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დატვირთული აქვს. ყოველდღიურად კონცერტები ელოდება. ვინაიდან ეს პერიოდი ძალიან უყვარს, მუშაობისთვის მზადაა, თუმცა შემდეგ დასვენებას აპირებს.
2017 წელი მისთვის საკმაოდ წარმატებული იყო და იმავეს ელოდება შემდეგი წლისგანაც…
დათო გომართელი:
31 დეკემბერს, პირველ, ორ, ხუთ, ექვს იანვარს კონცერტები მაქვს. 31-ში „შვიდკაცასთან“ ერთად ვმღერი. ექვს იანვარს გუდაურის ერთ-ერთ სასტუმროში მაქვს საშობაო კონცერტი. 13-ში ბაკურიანში გამოვდივარ, 14 იანვარს კი ბედობის კონცერტს ისევ „შვიდკაცასთან“ ერთად ვიმეორებ, რადგან ძალიან ბევრი მსურველია.
31 დეკემბერს ასევე გამოვდივარ ცენტრალურ კონცერტზე. ვმღერი საახალწლო ქართულ სიმღერას გოგოლა კალანდაძესთან, ნანკა კალატოზიშვილსა და „შვიდკაცასთან“ ერთად.
რამდენი წელია, რაც ახალ წელს შინ არ შეხვედრიხართ?
ძალიან დიდი ხანია. ყოველთვის მიწევდა გამოსვლა სამთავრობო საახალწლო კონცერტებზე და შემდეგაც სულ გამოსვლები მქონდა.
ახერხებთ, რომ დალიოთ და თავადაც გაერთოთ?
თავად ცოტა გვჭირს, რადგან გვიწევს ამდენი ხალხის გართობა და კარგ ხასიათზე დაყენება. ამ პერიოდში ვიღლები და მერე დასასვენებლად მივდივარ, ძალიან დიდი ენერგია მიაქვს თავად კონცერტებს და მანამდე მათთვის მომზადებას. სულ ფიქრობ სიახლეებზე, ჩაწერები გაქვს და ა.შ. გუშინ, მაგალითად, ახალი სიმღერის ჩაწერა ღამის სამ საათზე დავამთავრეთ. საახალწლო არ არის, მაგრამ ახალი წლის კონცერტებზე ავაჟღერებ.
ტრადიცია, რომელსაც არასდროს ღალატობთ ახალ წელს…
ძალიან მიყვარს ბედობის ღამე. მჯერა ამ დღესასწაულის, ყოველ შემთხვევაში, მინდა დავიჯერო. მსურს, ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარო ეს დღე. ბედობის დღეს უკვე მეექვსე წელია, ტრადიციად დავამკვიდრე კონცერტის გამართვა. უამრავი ადამიანი ელოდება ხოლმე ამ კონცერტს და სხვაგან არ გეგმავენ წასვლას 2 იანვარს.
სხვა ტრადიციებსაც თუ გავიხსენებთ, მახსოვს, ჩემი ძმის ოჯახში იყო ასეთი ტრადიცია, კვერი ცხვებოდა, რომელშიც ხურდა ფულს დებდნენ. ეს ძველი ტრადიცია. ვისაც ეს კვერი შეხვდებოდა, მისთვის ბედნიერი წელი იქნებოდა. ასე სჯეროდათ. მე ეს ხურდა არასდროს შემხვედრია.
თქვენი შვილისთვის სანტა კლაუსი თქვენ ხართ?
დიახ, მაგრამ ჩემმა შვილმა არ იცის, რომ მე ვარ (იღიმის). ჩემი შვილისთვისაც მე ვარ და ბევრი სხვა ადამიანისთვის, ვისაც ვუყვარვარ და რაღაცას ელის ჩემგან. ჩემმა შვილმა დაწერა წერილი, თავისი სურვილებით… არ არის მომთხოვნი და პრეტენზიული გოგონა და სანტა კლაუსი მის სურვილებს ასრულებს.
გაქვთ დრო, რომ საახალწლო ღონისძიებებზე წაიყვანოთ?
დიდი დრო არ მაქვს, მაგრამ დამყავს ხოლმე ცირკში, სპექტაკლზე ან საზეიმო კონცერტზე. ეს მუდამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ბავშვი მხიარულია და უყვარს საზეიმო საახალწლო კონცერტებზე მშობლებთან ერთად სიარული.
საუკეთესო და ბედნიერი ახალი წელი გახსენდებათ?
იმდენად დატვირთულია ახალი წელი, 31 დეკემბერი, სულ ფორიაქში ვარ. მინდა გითხრათ, რომ ეს დღესასწაული ჩემთვის განსაკუთრებულია, მიყვარს ახალი წელი, ბედობა და აღდგომა. ეს დღეები სულს ძალიან უხარია და ჩემთვის ძვირფასია. ახალი წელი წარმომიდგენია მარხილში შებმული ირმებით, თოვლის ბაბუით, ბუხრით, თოვლის ფიფქებით, ეს განწყობა მნიშვნელოვანია და მანიჭებს დიდ სიამოვნებას. ახალ წელს ძალიან მიყვარს თოვლი, ამ დღეს მზე არ მიყვარს. ახლა, როგორც ვიცი, 14 გრადუსია გამოცხადებული (იღიმის).
დაუვიწყარი საჩუქარი, რომელიც ახალ წელს მიგიღიათ…
ასე არ მახსენდება…
თქვენ უფრო გასცემთ საჩუქრებს თუ იქით გჩუქნიან?
უფრო მე გავცემ (იცინის). კაი ხანია, არ მიმიღია საჩუქარი. თუ ვინმე მაჩუქებს, ძალიან გამიხარდება.
თოვლის ბაბუას რას სთხოვდით?
იმდენი რამ გამახსენდა, თოვლის ბაბუა არ გაგიჟდეს (იცინის). ვერ გეტყვით, რას ჩავიფიქრებ. უნდა დავუწერო თოვლის ბაბუას ჩუმად. მატერიალური სურვილები არ მაქვს. ჩემი აზრით, მთავარია, ადამიანი სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს. ადამიანის განწყობა მოდის მისი მდგომარეობიდან, დანარჩენს თავად შეძლებს. მთავარია, ჰქონდეს ხალისი და განწყობა.
2017 წელი რითი დაგამახსოვრდათ და შემდეგი წლისგან რას ელით?
2017 წელი მერწყულისთვის საუკეთესო წელი იქნებოდა, რაც, მინდა გითხრათ, ასეც აღმოჩნდა. შემოქმედებითად დატვირთული იყო, კონცერტები, ალბომის გამოსვლა, კლიპი… რა თქმა უნდა, შემოსავალიც, სხვა წლებთან შედარებით, შთამბეჭდავი იყო. რასაც მიხეილ ცაგარელი გვპირდებოდა, ასრულდა. რამდენიმე ნიშანი იყო ასეთი, ერთ-ერთი მერწყული.
ჩემი ქალიშვილის თხოვნით, რამდენიმე კვირაა, ძაღლი შევიძინე. ესეც, ალბათ, დამთხვევაა. რატომღაც ახლა გავიგე, ორი-სამი დღეა, რომ ძაღლის წელიწადი მოდის. იმედი მაქვს, 2018 წელი ჩემთვის კარგი იქნება, რადგან ძაღლებიც მიყვარს და ახალი წელიც.
აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს იმიჯზე. 31 დეკემბერს უკვე იცით, რას ჩაიცვამთ?
სულ ვფიქრობ ამ თემაზე. მართალი გითხრათ, ცენტრალური კონცერტისთვის შევარჩიე სამოსი, გარე კონცერტია, ტელევიზია იღებს და ვიცი, რას მოვირგებ, დანარჩენი კონცერტებისთვის არ ამირჩევია, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. არ მიყვარს შეკერილი სამოსი, დიზაინერების ნახელავს ვგულისხმობ, მზა ტანსაცმელს ვყიდულობ, რაღაცებს – საზღვარგარეთ, ცოტას – საქართველოშიც, უნდა მოძებნო და შემთხვევით გადაეყრები ისეთ სამოსს, რომელსაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. ქართველებს, ძირითადად, შავი ფერი უყვართ, მე კი ბევრი ფერის მორგება შემიძლია (იღიმის).
ნინო მურღულია