რეჟისორი და პროდიუსერი დათო იმედაშვილი გარკვეული პერიოდის წინ „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ახალი კულინარიული პროექტი „ჩემი სამზარეულოს წესებიც“ სწორედ მისმა გუნდმა მოამზადა არხისთვის, ასევე გადაცემა „სახლი“, რომელსაც ადრეც აკეთებდა ამავე ტელევიზიისთვის, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, დათო „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი აღარ არის. Fortuna.ge რეჟისორს დაუკავშირდა.
დათო, მართალია, რომ „რუსთავი 2“-ში აღარ მუშაობ?
დიახ, „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი აღარ ვარ, თუმცა ასეც იყო დაგეგმილი და არანაირი სიურპრიზი არ არის. პროდაქშენის კუთხით არხზე შექმნილი კრიზისის გამო, როცა ძველი პროდიუსერები წავიდნენ, მივედი ამ სისტემის დასალაგებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს ამოცანა უკვე შესრულებულია, სისტემა დალაგდა და აღარ არის ჩემი იქ ყოფნის საჭიროება. „ჩემი სამზარეულოს წესები“ პრინციპში ჩემმა გარესტუდიამ გააკეთა, მაგრამ თავად სისტემა ტელევიზიაში გაიმართა. ადრე ყველაფერი იყო შიდა წარმოების, რაც არხს ძალიან ძვირი უდებოდა. ახლა კი, ძირითადად, პროექტებს გარეწარმოება მოამზადებს, რაც ძალიან მომგებიანია არხისთვის.
შენს ადგილს ვინმე დაიკავებს?
არა, ეს დეპარტამენტი საერთოდ გავაუქმეთ. პროექტები რამდენიმეთვიანია და დიდი რაოდენობით თანამშრომლები მთელი წელიწადი ხელფასს იღებდნენ…
შენ აპირებ „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას?
რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩემს საყვარელ არხთან თანამშრომლობას, დაგეგმილია მუსიკალური და არამუსიკალური პროექტებიც, გაზაფხულიდან უფრო კონკრეტულად შეიტყობთ (იღიმის).
ნინო მურღულია